„ეს არის თქვენი სპეკულირება, ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, კი და არათი სთხოვეთ პასუხი „ნაცმოძრაობას“, როდესაც შეეკითხებით, იყო თუ არა....“ - ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ „კურიერის“ ჟურნალისტის შეკითხვას, შეათანხმა თუ არა გიორგი გახარიამ 20 ივნისს აქციის დაშლის გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილთან და იყო თუ არა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე საქმის კურსში ბრძანების გაცემამდე.
ანრი ოხანაშვილმა „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხს თავი აარიდა.
„რატომ გაღიზიანდით?“ - მიმართა ჟურნალისტს ანრი ოხანაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტის წინ ოპერაციას შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობდა და ის გასცემდა შესაბამის დავალებებს.
„შს მინისტრი ხელმძღვანელობდა ოპერაციას და გასცემდა შესაბამის დავალებებს. საკითხი ამოწურულია. პასუხი გაგეცით, კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რადგან გაქვთ ინტერესი, შს მინისტრი გასცემდა ბრძანებას, შს მინისტრია პოლიტიკურად პასუხისმგებელი მისი უწყების ფარგლებში განხორციელებულ ქმედებებზე და შესაბამისად, მინისტრმა განაცხადა, რომ ის გასცემდა დავალებებს, ბრძანებას, მისი მითითების მიხედვით, მოქმედებდა შესაბამისი საპოლიციო დანაყოფი,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან დღეს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განცხადებით, 20 ივნისს აქციის დაშლის დროს შუაღამეს ის, ვერც ხაზზე იქნებოდა და ვერც მითითებებს გასცემდა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა სამშობლოს ღალატი იქნებოდა.