21 სექტემბერი 2019,   09:50
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა - საბჭოს არამოსამართლე წევრები პროცესს უნდობლობას უცხადებენ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებთან შეხვედრები გრძელდება. გასაუბრების მეორე დღეს სამ კანდიდატს მოუსმენენ,  მათ შორის იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, შოთა გეწაძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე  წევრები შესარჩევ პროცესს უნდობლობას უცხადებენ. ნაზი ჯანეზაშვილი ამ პროცესს ფორმალურს უწოდებს და ამბობს, რომ ყველა კანდიდატი წინდაწინ არის შერჩეული.

ჯანეზაშვილის სხდომის თავმჯდომარეზეც საუბრობს და ამბობს, რომ დიმიტრი გვრიტიშვილს ამ პროცესის ხელმძღვანელობის არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია.

„ დღეს გავესაუბრებით სამ კანდიდატს, აუცილებლად იქნება შეკითხვები, კრიტიკულიც მათ შორის და იმედი მაქვს, რომ საბჭოს მოსამართლე წევრები ამის საშუალებას მოგვცემენ. დიმიტრი გვრიტიშვილი, რომელიც არის საბჭოს უკანონო სხდომის თავმჯდომარე, ვინაიდან არანაირი ლეგიტიმაცია მას არ გააჩნია და ერთ ნორმას ვერ დაასახელებს, რის საფუძველზეც იგი თავმჯდომარეობს  სხდომებს და ზის სათავეში, იმედი მაქვს, რომ ამის საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენ დავსვათ ნებისმიერი შეკითხვა,“- აცხადებს ჯანეზაშვილმა.

დიმიტრი გვრიტიშვილი ჯანეზაშვილის ბრალდებებს პასუხობს და ამბობს, რომ ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი პროცესის ჩიხში შეყვანას და ჩაშლას ცდილობენ. მისი თქმით, მათ მიერ კანდიდატებისთვის დასმული შეკითხვები პროვოკაციულ ხასიათს ატარებენ.

„აბსურდული, არა რელევანტური შეკითხვებით სცადეს პროცესის ჩიხში შეყვანა. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გასაგებია მათი დღის წესრიგი. მათ აქვთ მიზნად დასახული, რომ გაჭიანურდეს პროცესი, ამიტომ ჩენ შეცვალეთ დღის წესრიგი და გადავწყვიტეთ, რომ ყოველდღიურად გავესაუბროთ სამ-სამ კანდიდატს, ანუ თითო კანდიდატზე ავიღეთ საშუალოდ სამ-სამი საათი. დრო, მე ვფიქრობ, ეს არის აბსოლუტურად გონივრული, იმიტომ, რომ ყველა წევრს უკვე ეძლევა შესაძლებლობა ამოწუროს საკუთარი შესაძლებლობები,“- განაცხადა გვრიტიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები გუშინ დაიწყო. საბჭომ 50 კანდიდატიდან 20 ფარული კენჭისყრის მეშვეობით უნდა შეარჩიოს და პარლამენტის წარუდგინოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები