20 ივნისის აქციის მონაწილეების ნაწილს, რომლებიც გუშინ დააკავეს, ბრალი დღეს წარედგინება.
ლევან ჯიქურს ბრალის ამ წუთებში ღუდუშაურის კლინიკაში წარუდგინეს. მისი გადაყვანა საავადმყოფოში იზოლატორიდან ჯანმრთელობის გაუარესების გამო გახდა საჭირო. როგორც ადვოკატი ამბობს, ჯიქური დუმილის უფლებას იყენებს. ის ბრალს არ აღიარებს.
„ბრალი წარუდგინეს მას 225-ე მუხლით, ეს მუხლი ითვალისწინებს 4-6 წლამდე პატიმრობას, ბრალს დებენ ძალადობაში, ის იყენებს ისევ დუმილის უფლებას. აღიარება არ აღიარებასთან დაკავშირებით შემდგომ მიიღებს გადაწყვეტილებას. პროკურატურას მტკიცებულებები არ გადმოუცია, იმედი მაქვს უახლოეს დღეებში გადმომცემენ,“-ამბობს ჯიქურის ადვოკატი ალექსანდრე ზუდიაშვილი. რაც შეეხება ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის თავს ისევ შეუძლოდ გრძნობს.
დაკავებულებიდან ერთ პირს, ცოტნე ცოტნიაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ გვიან ღამით წაუყენეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. ჯიქურთან და ცოტნიაშვილთან ერთად დაკავებულისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ.
როგორც პროკურატურაში განაცხადეს, დაკავებულია აქციის კიდევ ოთხი მონაწილე. დღეს პირველი საათისთვის კი არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციას" ერთ-ერთ დამფუძნებელის, ვატო გელაშვილის საქმეზე სასამართლო იმსჯელებს.