25 აპრილი 2024,   17:36
ვრცლად
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ამით არაფერი დასრულდება - "რუსთავი 2"-ის იურისტი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2"-ისა და მისი მფლობელების ინტერესების დამცველებმა შეაფასეს. იურისტების თქმით, მათთვის მოულოდნელი იყო ის, რომ სტრასბურგის სასამართლომ არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა, ასევე ის, რომ „რუსთავი 2“ მხარედ საერთოდ არ იქნა ცნობილი ამ დავაში. „რუსთავი 2"-ის იურისტები ამბობენ, რომ გასაჩივრების მექანიზმს აუცილებლად გამოიყენებს და გადაწყვეტილების ნაწილს დიდ პალატაში გაასაჩივრებენ. 

„გადაწყვეტილება გასაჩივრდება იმ ნაწილში, რომელზეც სასამართლომ თქვა, რომ არ იქნა დარღვეული კონვენცია, ეს არის მე-6 მუხლი, სამართლიანი სასამართლოს უფლება მოსამართლეების მიუკერძოებლობის ნაწილში. თუ დიდ პალატაში როდესაც გავასაჩივრებთ, დადგინდა, რომ დარღვეული იქნა მესაკუთრეების სამართლიანი სასამართლოს უფლება და მოსამართლეები, მათ შორის ურთმელიძე და სხვები არ იყვნენ მიუკერძოებლები, ეს შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი., შანსები დიდია, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ამით არაფერი დასრულდება და ხელისუფლების ნებისმიერი სახის მცდელობა, რომ აღარ მოისმინოს კრიტიკული აზრი, იქნება უიმედო, ვინაიდან „რუსთავი 2“, როგორც იქნება, რა ფორმითაც იქნება, რა კოლექტივითაც იქნება, სადაც ვიქნებით, ისეთი ვე მაუწყებლობას გავაგრძელებთ ისეთივე მაუწყებლობას, როგორც გვქონდა, თუ დახურავს ქიბარ ხალვაში, ან გადააქცევს ისე, როგორც უქნეს მაესტროს და საერთოდ გააქრობს რადარებიდან, ეს იქნება ქვეყნისთვის ძალიან ცუდი და ქართველი საზოგადოება ამას შეაფასებს. ძალიან სამწუხაროა, რომ სტრასბურგის სასამართლომ საერთოდ ვერ გაითვალისწინა კონტექსტი, სამწუხაროა, რომ რუსეთის მიერ გაჟღერებული მესიჯები „რუსთავი 2-ის“ დახურვასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ძალიან ემთხვევა ამ ყველაფერს და პრაქტიკულად, ხელისუფლება აისრულებს ოცნებას,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

„რუსთავი 2-ის“ იურისტ დიმიტრი საძაგლიშვილისთვის მოულოდნელი იყო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. მისი თქმით, მოხდება დეტალური ანალიზი და შესაბამისად გადაწყდება, რა არგუმენტებზე დაყრდნობით გასაჩივრდება ეს გადაწყვეტილება.

ევროსასამართლო გადაწყვეტილებას მოულოდნელი და სკანდალური უწოდა იურისტმა ზაზა ბიბილაშვილმაც.

„მთავარია არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვინმე სალიას, თუ ხალვაშის ხელით, დაიწყო ამ ტელეკომპანიას რეესტრში გადაფორმება. ჩვენ ვდგავართ ჩრდილო კორეიზაციის გზაზე. დღეს არ დგას მხოლოდ "რუსთავი 2"-ის საკითხი, რომელიმე ჟურნალისტის, ან დირექტორის საკითხი, დგას საკითხი, ეს საზოგადოება შენარჩუნდება თუ არა უნდაც ფორმალურად, როგორც დემოკრატიული საზოგადოება, ჩვენ შევინარჩუნებთ თუ არა სიტყვის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, გვექნება თუ არა ფორმალურად სახელმწიფოებრიობის ნიშნები თუ ვიქცევით ივანიშვილების ოჯახის დუქნად, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში ნათელი ძალა გაიმარჯვებს,“ - განაცხადა ბიბილაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები