25 აპრილი 2024,   21:08
ვრცლად
ფარისევლობა იქნებოდა, რომ არ მიმეთითებინა რეკომენდატორად სოზარ სუბარი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კითხვებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, გრიგოლ გიორგაძე პასუხობს, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოქმედი მოადგილეა.

გრიგოლ გიორგაძის მისამართით სავარაუდოდ დაისმება კითხვები მის პოლიტიკურ გამოცდილებასთან დაკავშირებით. გიორგაძე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეობამდე, ის იყო დევნილთა მინისტრის მოადგილი, ასევე, საასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე.

გასაუბრებაზე შესვლამდე გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკური სიმპათიები მას ხელს არ შეუშლის, რომ სათანადოდ შეასრულოს მოსამართლისთვის დაკისრებული მოვალეობები.

„როგორ უნდა წარმოვიდგინოთ, საიდან შეიძლება იყოს, რა პროფესიის ადამიანი ან რა გამოცდილების. მე ვფიქრობ, ყველა ის ეტაპი, რაც მე გავიარე, მნიშვნელოვანია გამოცდილებისთვის, როდესაც მოსამართლე იქნები, იცოდე სახელმწიფო ინტერესები სად გადის, სად გადის საზოგადოებრივი და კერძო ინტერესი და ამ ბალანსის დაცვა უფრო გაადვილდება, როდესაც მედლის ორივე მხარე გამოცდილი გაქვს. რაც შეეხება დამოუკიდებლობას და კეთილსინდისიერებას, ეს ჩემი, როგორც პიროვნების შეფასების საგანია და სწორედ ამიტომაც არის კონკურსის წესი, რომ უნდა შეფასდეს როგორც იუსტიციის საბჭოში და აქ წარმატების შემთხვევაში, უკვე საკანონმდებლო ორგანოში... ჩემი გამოცდილება, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მივიღო სწორი, სამართლიანი გადაწყვეტილებები არჩევის შემთხვევაში,“ - ამბობს გიორგაძე.

გიორგაძეს რეკომენდაციას უწევს პრემიერის მრჩეველი სოზარ სუბარი, რაშიც თავად მოსამართლეობის კანდიდატი პრობლემას ვერ ხედავს.

„ამაყი ვარ, რომ ასეთი რეკომენდატორი მყავს, სხვაგვარად იქნებოდა აბსოლუტურად ფარისევლობა, რომ არ მიმეთითებინა რეკომენდატორად სოზარ სუბარი, რომელსაც ჩემი პროფესიული კარიერა და ჩემი საქმიანობა, უმეტესწილად უკავშირდება ამ ადამიანთან მუშაობას და ჩემთვის ეს საამაყო პერიოდი არის, ამიტომ, მე ვარ თავისუფალი და არ ვმალავ არც რეკომენდატორებს,“ - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

დღის ამბები