07 დეკემბერი 2019,   00:29
ვრცლად
ქიბარ ხალვაში არის ხელისუფლება - ოპოზიცია აცხადებს, რომ ივანიშვილს "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა უნდა

ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ „რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკა შეცვალოს - ასეთია არასაპარლამენტო ოპოზიციის მოსაზრება. ხელისუფლების ოპონენტები სამაუწყებლო კომპანიის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს ეხმაურებიან. „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კრემლიდან იმართება.

„ივანიშვილის და მისი პატრონების კრემლში, მიზანია „რუსთავი 2“ ჩაიგდონ ხელში, შეცვალონ მისი სარედაქციო პოლიტიკა, შესაბამისად, ჩაიხშოს მართალი სიტყვა, ჩაიხშოს დასავლური პლატფორმა და ამით მიაღწიონ თავიანთ ბნელ მიზნებს, რომ ერთი მხრივ, ივანიშვილს შეანარჩუნებინონ ძალაუფლება და ივანიშვილმა უნდა დააბრუნოს საქართველო ისევ კვლავ რუსულ წიაღში, ანუ გაგვხადოს რუსული კოლონია კვლავ. ეს არის „რუსთავი 2"-ისთვის ბრძოლა და ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა, დამოუკიდებლობისთვის, დემოკრატიისთვის ბრძოლა და ბრძოლა იმისთვის, რომ გავაკონტროლოთ თითოეულმა ჩვენგანმა, ვამხილოთ ხელისუფლება,“ - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ.

„თავისუფალ დემოკრატებში“ მიაჩნიათ, რომ ქიბარ ხალვაში სინამდვილეში ხელისუფლებას წარმოადგენს.

„ხელისუფლებას აწუხებს „რუსთავი 2,“ მისი სარედაქციო პოლიტიკა და თუ ვინმეს სჯერა, რომ ხელისუფლება სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩაერთვება, ეს არის სასაცილო. თუ ვინმეს სჯერა, რომ ხელისუფლება წლების განმავლობაში აწარმოებდა ბრძოლას იმისთვის, რომ სარედაქციო პოლიტიკა უცვლელი დაეტოვა და კრიტიკულ მედიას, როგორიც „რუსთავი 2"-ია, არ შეხებოდა, სარედაქციო პოლიტიკის კუთხით, სასაცილოა. ამას დრო გვიჩვენებს. ქიბარ ხალვაში არის ხელისუფლება,“ - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ გამოხატვის თავისუფლების გარეშე დემოკრატიული ღირებულებების შენარჩუნება წარმოუდგენელია.

„თავისუფლება არ არსებობს სიტყვის, აზრის გამოხატვის თავისუფლების გარეშე. მივმართავ ივანიშვილს და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომ რამდენი მილიარდიც არ უნდა გქონდეთ, რამდენი თოფიანი და აბჯრიანიც არ უნდა იდგეთ, ბოლო სიტყვას ყოველთვის ამბობს უიარაღო სიმართლე. მჯერა, რომ ის ადამიანები, ვინც დღეს „რუსთავი 2"-ს უყურებენ და სჯერათ, საბოლოო სიტყვას იტყვიან საქართველოს განვითარების გზაზე,“ - განაცხადა ”პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველოს” პოლიტიკური მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები