25 აპრილი 2024,   12:12
ვრცლად
ირაკლი ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის წევრი ივანიშვილის შეთავაზებაზე უარის თქმის გამო დააკავეს

ირაკლი ოქრუაშვილის პირადი მცველი კობა კოშაძე პატიმრობაში რჩება. სასამართლო პროცესზე ბრალდებული შეეცადა მოსამართლის დარწმუნებას, რომ უკანონო პატიმარია და იარაღი, რის გამოც დააკავეს, პოლიციამ ავტომობილში ჩაუდო.

ირაკლი ოქრუაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი პირადი მცველი, ხელისუფლებამ მისი დაშინების და პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით დააკავა. იმავეს ამტკიცებდა კობა კოშაძის ადვოკატი დღევანდელ პროცესზე.

მისი ინფორმაციით, ოქრუაშვილი გარემოცვის წევრი წინასწარ შედგენილი სცენარის მიხედვით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ოქრუაშვილის მძღოლი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აიყვანეს, რაც დაცვის მხარისთვის არალოგიკურია.

ადვოკატმა მოსამართლეს ალტერნატივის სახით გირაო 10 ათასი ლარის ოდენობით და ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელების თავდებობა შესთავაზა. მოსამართლემ კი ყველა შეთავაზებაზე უარი თქვა და ირაკლი ოქრუაშვილის პირადი მცველი ციხეში გაუშვა.

კობა კოშაძე 2 დღის წინ დააკავეს. დაკავებას წინ უძღვოდა ზარი ირაკლი ოქრუაშვილთან. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ამტკიცებს, რომ მას ბიძინა ივანიშვილის დანაბარები გადასცეს, არ ჩამოვიდეს საქართველოში, წინააღმდეგ შემთხვევაში დააკავებენ.

მუქარის მიუხედავად, ირაკლი ოქრუაშვილი გეგმების შეცვლას არ აპირებს.

დღის ამბები