18 აპრილი 2024,   08:47
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების შეთავაზებას, მედია საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით, მესამე სექტორის წარმომადგენლები დადებითად ეხმაურებიან

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების „კურიერის“ და საინფორმაციო დეპარტამენტის სხვა თანამშრომლების შეთავაზებაზე, არხის ახალ მენეჯმენტს ამ დრომდე პასუხი არ აქვს. შეთავაზება კი სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის და კრიტიკული საინფორმაციო გამოშვებების ხელშეუხებლობის გრანტად, მედია საბჭოს შექმნას გულისხმობს.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, სულხან სალაძე ამბობს, რომ აღნიშნული საბჭოს დაკომპლექტება მესაკუთრის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

„მგონია, რომ მეტი გამჭვირვალობის, პროცესების მეტი ღიაობის და მაღალი ინტერესის და ყურადღების ფონზე, ალბათ, უმჯობესი იქნება, თუ საბჭოსთან დაკავშირებით მესაკუთრის გადაწყვეტილება იქნება დადებითი. არ აქვს ახლა არსებითი მნიშვნელობა ის შემადგენლობა იქნება საბჭოში, თუ ოდნავ განსხვავებული შემადგენლობა საბჭოსი, რადგან საბოლოო გადაწყვეტილება მაინც მესაკუთრეს ეკუთვნის. მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ ყველა შეთანხმდეს იმაზე, რომ პროცესი იქნება ღია, გამჭვირვალე ერთი მხრივ და მეორე, დაცული იქნება სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა ვინმეს მხრიდან, ასევე შრომითი უფლებები დასაქმებული ადამიანების,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

საბჭოს შექმნა რომ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, ამაზე საუბრობს ფონდ ”ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორი, ლაშა ტუღუში. ტუღუშის თქმით, კარგი იქნება თუ იურიდიულად გაიწერება ვალდებულებები.

მედია საბჭოს ინიციატივის თანახმად, მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან უნდა შეიქმნას „რუსთავი 2“ -ის საზოგადოებრივი საბჭო. შემდეგი შემადგენლობით:

"საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო" - ეკა გიგაური, საია - სულხან სალაძე, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა"- გიორგი მშვენიერაძე, "სამართლიანი არჩევნები" - მიხელ ბენიძე, "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" - ნატა ძველიშვილი, მედიამკვლევარი - ნინო დანელია, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში და ახალი მფლობელის მიერ შერჩეული ორი წარმოამდგენელი, რომელიც მაღალი ნდობითა და რეპუტაციით სარგებლობს საზოგადოებაში. ამ საბჭოს განხილვისა და დადასტურების გარეშე „რუსთავი 2“-ის ახალმა მენეჯმენტმა ვერ შეძლოს, იმ თანამშრომლების მიღება და გათავისუფლება, რომლებიც ქმნიან და აგებენ პასუხს საზოგადოებრივ პოლიტიკურ კონტენტზე. მათ შორის წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჟურნალისტები და პროდიუსერები.

დღის ამბები