19 აპრილი 2024,   11:35
ვრცლად
ეროსი კიწმარიშვილისა და "რუსთავი 2"-ის საქმე - სისხლის კვალის მიმართულება მის სხეულზე, რომელიც ოჯახს მკვლელობის ეჭვს უჩენს

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმე, რომელიც სავარაუდოდ, პირდაპირ კავშირშია "რუსთავი 2"-ის საქმესთან - გამოძიება დასრულებულია, თუმცა კიწმარიშვილის ოჯახს არ სჯერა, რომ მან თავი მოიკლა. 

ზურა კიწმარიშვილი საქმის მასალებს პროკურატურაში პირადად ეცნობოდა და ბევრი მიზეზი აქვს იმისათვის, რომ დასრულებული გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ დაუჯეროს. არის ერთი არგუმენტი, რომელზეც აქამდე ყურადღება არ გაუმახვილებია. ეს არის სისხლის შხეფები ეროსი კიწმარიშვილის მარჯვენა ხელზე. კრიმინალისტიკის სახელმძღვანელოებიდან ცნობილია, რომ მიბჯენით გასროლისას სისხლის ნაკადი უკუმიმართულებით, ხელის მხარესაც ისხმება.

თუ ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა, მაშინ მის ხელზე შესხმული წვეთები თითებიდან მაჯის მხარეს უნდა ვიწროვდებოდეს, სურათზე კი პირიქით ჩანს. წვეთები თითების მხარეს ვიწროვდება.

ჩნდება კითხვა: ხომ არ მოახდინა გასროლა სხვამ? ზურა კიწმარიშვილი ამბობს, რომ სისხლის წვეთების საეჭვო მიმართულებაზე საუბარი ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილთანაც ჰქონდა, რომელიც ამ საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის სტატუსით მონაწილეობდა.

მაია ნიკოლეიშვილს დღეს ამ თემაზე საუბარი არ სურს. არქივი ინახავს მის განმარტებას, სადაც ჩანს, რომ მისი აზრით, სისხლის შხეფები ეროსი კიწმარიშვილის უკვე ჩამოწეულ ხელს დაესხა და ეს მთლიან სურათს შეესაბამება.

ზურა კიწმარიშვილი ამბობს, რომ სისხლის შხეფების არალოგიკურ მიმართულებაზე საქმის პროკურორსაც ესაუბრა.

პროკურატურიდან ჯერ-ჯერობით არ გაუციათ პასუხი, რით აიხსნება ხელის მტევანზე მოხვედრილი სისხლის წვეთების სიმცირე და საპირისპირო მიმართულება.

ზურა კიწმარიშვილმა იცის, რომ საქმის გამოძების განახლება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ რაიმე ახალი გარემოება გამოიკვეთება, მაგალითად დადგინდება იმ პირის ვინაობა, ვისი დნმ-ც იარაღის სასხლეტზეა აღმოჩენილი.

შეუსაბამობები სხვაც ბევრია. უცნობია, სად იმყოფებოდა ის გარდაცვალების დღეს დილით ერთი საათის განმავლობაში. უცნობია, ვინ და რატომ გატეხა მისი სოციალური ქსელის ანგარიში და კიდევ ერთი: ეროსი კიწმარიშვილმა იმ დილით იარაღის მაღაზიაში იარაღთან ერთად ტყვიებიც იყიდა და მანქანაში ედო. გამოძიების მასალების მიხედვით, სრულ კომპლექტს ორი ტყვია აკლდა. ერთით მან თავი მოიკლა. უცნობია, სად არის მეორე ტყვია.

დღის ამბები