24 აპრილი 2024,   04:05
ვრცლად
დასაქმებულების უფლებები უხეშად დარღვევის გამო, "ქუთექსის" თანამშრომლები ადმინისტრაციის უკანონო ქმედებებს აპროტესტებენ

შპს "ქუთექსის" თანამშრომლები ადმინისტრაციის უკანონო ქმედებებს აპროტესტებენ. ტექსტილის საწარმოს თანამშრომლები ქარხანასთან შეიკრიბნენ. მათი თქმით, ფაბრიკაში დასაქმებულების უფლებები უხეშად ირღვევა.

ტექსტილის ქარხნის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათ სისტემატურად უგვიანებენ ხელფასებს, ივნისის თვის ხელფასი კი, დღემდე არ ჩარიცხულა. გარდა ამისა, „ქუთექსის“ თანამშრომლები ამბობენ, რომ დამსაქმებლები საკუთარი შეხედულებების მიხედვით, იძულებით აჩერებენ დასაქმებულის შრომით საქმიანობას და მათ იძულებით გაცდენილი დღეებისათვის ხელფასს უქვითავენ.

ამჯერად კი, თანამშრომლებს მიეცათ მითითება, რომ დაბრუნებულიყვნენ სახლში და საჭიროების შემთხვევაში შრომითი ურთიერთობის გაგრძელებას შეჰპირდნენ. საწარმოს მუშაკები აცხადებენ, რომ მათთან ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულებაა გაფორმებული, რაც ამ პერიოდის განმავლობაში უწყვეტ შრომით ურთიერთობას და შესაბამისი ხელფასის მიღების უფლებას გულისხმობს.

დასაქმებულები ასევე ვერ სარგებლობენ ანაზღაურებადი შვებულებით საკუთარი შეხედულების მიხედვით.

ისინი ასევე საუბრობენ ადმინისტრაციის მხრიდან უხეშ მოპყრობაზეც, ხმამაღალ მითითებებზე და სამუშაო პირობების განზრახ გაუარესებაზე.

შპს „ქუთექსში“ 15 ივლისს აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირში შემავალი პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია შეიქმნა, რომელმაც დახმარებისათვის საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქუთაისის ოფისს მიმართა.

პროფკავშირების წარმომადგენლის თქმით, თუ პრობლემები დროულად არ მოგვარდება, ისინი სასამართლოს მიმართავენ.

დირექტორის თქმით, ყოფილ დამკვეთთან შეწყვეტილია კონტრაქტი, თუმცა კუთვნილი ხელფასის დარიგება მალე მოხდება.

დღის ამბები