17 აგვისტო 2019,   22:36
ვრცლად
ქიბარ ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ - პროკურატურაში ახალი სარჩელი შევიდა

ქიბარ ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ. ცოტა ხნის წინ მისმა ადვოკატმა, ნინო ბარაჩაშვილმა  პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

ბარაჩაშვილი აცხადებს, რომ სარჩელის შეტანის მიზეზი, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ყალბი დოკუმენტებით, ქონების მიტაცების მცდელობაა.  

„დღეს განცხადებით მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ვინაიდან ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ადგილი აქვს ქონებრივი უფლების მიღების მცდელობას. ხელმოწერების ნამდვილობასთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დანიშნულია ექსპერტიზა, შესაბამისად, დაველოდოთ ექსპერტიზის პასუხებს, გამოძიების პასუხებს,“ - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ „რუსთავი2“-ს მფლობელად ქიბარ ხალვაში გამოცხადდა, თუმცა ირაკლი ოქრუაშვილი ამტკიცებს,რომ "რუსთავი 2"-ის 100%-იანი წილის მფლობელი თვითონაა.

ხალვაშის ადვოკატის განცხადებით, კი დოკუმენტები, რომელზე დაყრდნობითაც ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოში ჩივის და "რუსთავი2"-ის დაბრუნებას ითხოვს, ყალბია. 

ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის წილების დაყადაღებას ითხოვდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ მისი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

დღის ამბები