16 აპრილი 2024,   17:28
ვრცლად
ივანიშვილს ორი დღე ვერ გაუძლო ნერვებმა, როცა დაინახა, რომ ეს ტელევიზია იმავეს აკეთებდა, რასაც აქამდე - არასამთავრობოები ხალვაშის განცხადებას ეხმაურებიან

ქიბარ ხალვაშის ღია თავდასხმას „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებზე, წინ უძღოდა არხის მფლობელის უარი საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე.

ქიბარ ხალვაშის მიერ არხის გენერალურ დირექტორად დანიშნულმა პაატა სალიამ “რუსთავი2“-ის ჟურნალისტების შეთავაზებაზე, რომელიც გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლების მონაწილეობით, საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას გულისხმობდა, უარი თქვა.

„რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი, პაატა სალია უკვე რამდენიმე დღეა, ჟურნალისტებს ჰპირდება, რომ სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩაერევა და არც ხელისუფლების დაკვეთას შეასრულებს, თუმცა რამდენად არის საკმარისი მხოლოდ პირობა, ქიბარ ხალვაშის განცხადების შემდეგ, უკვე ნათელია.

სამაუწყებლო კომპანიის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და ქიბარ ხალვაშის განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან.

„რუსთავი 2“-ის ახალ მფლობელს არ აქვს წარმოდგენა გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ამ განცხადებიდან ჩანს, რომ მას არ მოსწონს ის კონკრეტული სარედაქციო პოლიტიკა, რაც „რუსთავი 2“-ს აქვს. ვფიქრობ, რომ მას არ აქვს ცოდნა და გამოცდილება, რომ თუკი რაიმე კონკრეტული არ მოწონს და რაიმე ეთიკის ფარგლებს სცილდება, ეს თვითონ თვითრეგულირების საბჭოში შეიძლება გადაწყდეს და ამასთან დაკავშირებით, განცხადების გაკეთება საერთოდ წარმოუდგენელი არის. მით უმეტეს, იმ ადამიანისგან, რომელიც უკვე ფლობს მედიას და ის ღია განცხადებით აძლევს ინსტრუქციას მედიას, თუ როგორ უნდა მოიქცეს ის. მან უარი თქვა იმ საბჭოს შექმნაზე, რომელიც შესთავაზეს "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებმა მას.

"აქ მთავარი იყო თვითონ საბჭოს იდეა, რომ საბჭო დაკომპლექტებულიყო დამოუკიდებელი ადამიანებით, იმ ადამიანებით, რომლებსაც აქვთ საზოგადოების მხრიდან და რომლებიც უზრუნველყოფდნენ ზუსტადაც კრიტიკული დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის არსებობას არხზე,“-აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური.

”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ისედაც ნათელი იყო, თუმცა ახლა ცალსახაა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე, ეს არ იყო ბიზნეს დავა და მიზანს მხოლოდ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა წარმოადგენდა.

„ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ ბრძოლა არ იყო ბიზნეს დავა, როგორც ამის წარმოჩენა ხელისუფლებას უნდოდა და არ იყო მიმართული იმისკენ, რომ ერთ ბიზნესმენს დაებრუნებინა წართმეული ქონება, რომელი ქონებაც მას სჭირდებოდა ბიზნესისთვის ეს არის ცხადი. მთავარი მიზანი, რისთვისაც ბრძოლა დაიწყო, ეს იყო "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება და ეს განცხადებები ამ მიზანს ემსახურება,“-აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.

მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ კინწურაშვილი ამბობს, რომ მენეჯმენტი სარედაქციო პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს.

მისი თქმით, თვითრეგულირების საკითხები იმ ჩარჩოში უნდა გადაწყდეს, რომელიც საქართველოში მოქმედებს კარგა ხანია.

მასკომუნიკაციის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნინო დანელია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ორი დღეც ვერ გაუძლო ნერვებმა, როცა დაინახა, რომ „რუსთავი 2“-ს სარედაქციო პოლიტიკა არ შეუცვლია. 

„სინამდვილეში ეს ადამიანები რასაც ამბობენ, შეიძლება ამის სჯერათ, მაგრამ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იღებს. ამიტომ ნებისმიერი სხვა ადამიანის სიტყვის, პირობის ფასი არის ნული. ორი დღე გაუძლო ბატონ ბიძინა ივანიშვილს ნერვებმა, მან ვერ აიტანა ის, რომ ამდენი ხნის ნაბრძოლ და მისი აზრით გამარჯვებულად დარჩენილ საქმეში ეს ტელევიზია ისევ აკეთებს იმას, რასაც აკეთებდა აქამდე,“-ამბობს დანელია.

დღის ამბები