24 აპრილი 2024,   11:58
ვრცლად
მოსამართლეობის კანდიდატს, მამუკა ვასაძეს რეკომენდაციას მისივე ხელმძღვანელი და პარალელურად კონკურენტი, შალვა თადუმაძე უწევს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები გრძელდება. დღეს საბჭოს წევრებმა გენერალური პროკურორის პირველ მოადგილეს, მამუკა ვასაძეს მოუსმინეს. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

გასაუბრების დასრულების შემდეგ, ვასაძემ მისი რეკომენდატორების შესახებ ისაუბრა. ცნობილია, რომ სხვა დანარჩენებთან ერთად  ვასაძეს რეკომენდაცია მისივე ხელმძღვანელმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ გაუწია. თადუმაძე თავადაც მოსამართლეობის კონკურსის მონაწილეა და შესაბამისად, ვასაძის კონკურენტიც.

მამუკა ვასაძის განცხადებით, რეკომენდატორებად ის ადამიანები იქნენ შერჩეული, რომლებიც მას კარგად იცნობენ და მასთან ყოველდღიურ შემხებლობაში არიან.

„ რეკომენდატორები შეირჩა იმ კრიტერიუმით, ვისაც მეტი ინფორმაცია აქვს ჩემს შესახებ, მეტად შეუძლია ჩემი დადებითი, უარყოფითი კომპეტენციის, კეთილსინდისიერების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება შეუძლია საბჭოსთვის. აქედან გამომდინარე, შეირჩა ბატონი შალვა და ის კოლეგები, ვინც ჩემთან ყოველდღიურ ურთიერთობაშია და მეტი ინფორმაცია აქვთ ჩემს კომპეტენციასთან, ჩემს კეთილსინდისიერებასთან და ზოგადად, ჩემს თვისებებთან დაკავშირებით,“- განაცხადა ვასაძემ.

მამუკა ვასაძემ შალვა თადუმაძესთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონკურსში მონაწილეობის გადაწყვეტილება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიიღეს.

„ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მივიღეთ გადაწყვეტილება, თუმცა მე, ბუნებრივია, გადაწყვეტილება როცა მივიღე, მე განვუცხადე ჩემს ხელმძღვანელს, რომ ასეთი სურვილი მაქვს, მისგანაც მივიღე დასტური და თვითონაც გამიმხილა, რომ „მეც მაქვს ეგ  სურვილი და მეც ვაპირებ შეტანასო." მე ვთლი, რომ ვაკმაყოფილებ კანდიდატისათვის არსებულ კრიტერიუმებს,  რაც შეეხება კეთილსინდისიერებას და კვალიფიციურობას, ობიექტურობას რაც შეეხება მე თითოეულ საქმესთან დაკავშირებით ვიქნები ობიექტური,“- განაცხადა ვასაძემ.  

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შეფასება მამუკა ვასაძის გასაუბრებასთან დაკავშირებით ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც გასაუბრების ეტაპს მოსამართლეობის 50-ივე კანდიდატი გაივლის.

უკვე რამდენიმე დღეს, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები მიმდინარეობს. მამუკა ვასაძის შემდეგ, საბჭოს წევრების კითხვებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მაია ვაჩაძე პასუხობს. ვაჩაძეს  უფლებამოსილების  ვადა ამოეწურა და ამჯერად უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობა სურს. უკვე ხვალ  გასაუბრებაზე გენერალურ პროკურორსაც ელოდებიან.  

დღის ამბები