20 აპრილი 2024,   12:06
ვრცლად
ქიბარ ხალვაშის შეტევა ჟურნალისტებზე - არხის ახალი მფლობელი სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიების მოთხოვნას ახირებას უწოდებს

"რუსთავი 2-ის" ახალი მფლობელის პირველი შეტევა ჟურნალისტებზე - ქიბარ ხალვაში სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიების მოთხოვნას ახირებას და კაპრიზს უწოდებს და ამ მოთხოვნის ავტორებს დესტრუქციული ამოცანების მქონე პირებად მოიხსენიებს. ახალი მფლობელის ამ განცხადებას არხის კოლექტივი ღია თავდასხმად და გამოხატვის თვისუფლების შეზღუდვის მცდელობად აღიქვამს.

ჟურნალისტების მოსაზრებებს იზიარებენ არასამთავრობო სექტორსა და ოპოზიციაში, სადაც ხალვაშის მიღმა ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი ინტერესების არსებობაზე საუბრობენ. "ქართული ოცნების" ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ოლიგარქი და მისი სახელით მოქმედი ბიზნესმენი ძალიან მალე გამოამჟღავნებენ საკუთარ მიზნებს.

ყველა პოლიტიკოსი ივანიშვილის გუნდის გარდა მიიჩნევს, რომ ეს განცხადება არა ქიბარ ხალვაშის, არამედ "ქართული ოცნების" იდეოლოგების დაწერილია. ყველაზე რეიტინგული ტელეარხის გუნდს ხალვაშის სახელით ივანიშვილი ელაპარაკება.

საპარლამენტო ოპოზიცია ქიბარ ხალვაშის გზავნილებში ცენზურის ნიშნებს ხედავს.

მხოლოდ "ქართულ ოცნებაში" არიან დარწმუნებულები, რომ "რუსთავი 2-ის" ხელში ჩაგდების მიზანი მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა არ ყოფილა.

მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილს ნერვები ღალატობს, "რუსთავი 2", თუნდაც შეცვლილი რეალობით თავისუფალი სიტყვის დასაცავად ბრძოლას აგრძელებს. ამბობს იმას, რასაც ამბობდა. ყვება იმას, რასაც ყვებოდა. ჯერ კიდევ იცავს იმათ, ვის უფლებებსაც ხელისუფლება არღვევს და გააგრძელებს ამ რეჟიმში მუშაობას იმ დრომდე, ვიდრე არხის ახალი და ნომინალური ფიგურა მის უკან მდგომი მთავარი ოლიგარქისგან ახალ დავალებას არ მიიღებს და უფრო რადიკალურ ზომებს არ გაატარებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები