18 აპრილი 2024,   15:43
ვრცლად
ქიბარ ხალვაშის განცხადება და ივანიშვილის გზავნილები, რომელიც მესამე სექტორმა ამოიკითხა

ქიბარ ხალვაშის განცხადებაში, სადაც ის "რუსთავის 2-ის" საინფორმაციო პოლიტიკას დესტრუქციულად აფასებს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის და ხელისუფლების გზავნილები ამოიკითხეს. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ ახლა უკვე მფლობელის მიერ ტელეკომპანიის მისამართით გაჟღერებული პრეტენზიები ზუსტად ემთხვევა იმ ბრალდებებს, რასაც "ქართული ოცნების" ლიდერები წლებია, "რუსთავი 2-ის" სარედაქციო პოლიტიკას უყენებენ.

სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობის შესახებ "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის სიტყვიერი დაპირებიდან 24 საათიც არ იყო გასული, რომ ქიბარ ხალვაშმა განცხადება გამოაქვეყნა და ტელეკომპანიის პოლიტიკა მწვავედ გააკრიტიკა. განცხადებიდან ირკვევა, რომ ქიბარ ხალვაშს სარედაქციო დამოუკიდებლობაზე თავისი შეხედულება აქვს და მის მფლობელობაში მყოფი კომპანიის პოლიტიკას დესქტრუქციულად აფასებს.

არასამთავრობოების ნაწილისთვის ქიბარ ხალვაშის ამ განცხადების შემდეგ ცხადი გახდა, რატომ თქვა უარი არხის გენერალურმა დირექტორმა გარანტირებული სარედაქციო დამოუკიდებლობის მექანიზმის - მედისაბჭოს შექმნის შეთავაზებაზე. დესტრუქციულ ქმედებებში არხის დადანაშაულების შედეგად სამოქალაქო სექტორი ქიბარ ხალვაშს ინსტრუქციების გაცემაში ამხელს.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისთვის ხალვაშის დღევანდელი განცხადება მოულოდნელი არც სხვა მიზეზით არ ყოფილა, მათი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ამ განცხადებამ ხელისუფლების დირექტივა და კომპანიის მფლობელის რეალური მიზნები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა.

ქიბარ ხალვაში დღევანდელი განცხადებით დაუპირისპირდა გუნდს, თუმცა წერილში მოყვანილი ფაქტები მცდარია. ხალვაში ამტკიცებს, რომ "რუსთავი 2-ის" სარედაქციო პოლიტიკა არხს აზიანებს და რეიტინგები ეცემა. საპირისპიროს მეტყველებს ციფრი. "რუსთავი 2" ლიდერია. ეს გასული კვირის ყველაზე პოპულარული ტელეგადაცემების რეიტინგია. ტოპ ათეულშია ვანოს შოუ, კურიერი, P.S. და კვირის აქცენტები. TVMR საქართველოს მონაცემებით კონკურენტი გადაცემების რეიტინგი "რუსთავი 2-თან" ახლოსაც კი ვერ მოდის.

ირკვევა, რომ ქიბარ ხალვაშის პრეტენზიები მხოლოდ სარედაქციო პოლიტიკის მიმართ არ აქვს. ქიბარ ხალვაში ანტიდასავლური განწყობებში გაღვივებაში დაადანაშაულა გუნდი, რომელიც საქართველოში დასავლური კურსის ყველაზე დიდი ლობისტი და რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური ბერკეტია.

წერილში, რომელიც ხალვაშმა დღეს გამოაქვეყნა, წერს, რომ "რუსთავი 2-სთვის" ეძებს ტელემენეჯერს ევროპიდან ან ამერიკიდან. ესეც ბიძინა ივანიშვილის ცნობილი სცენარის ნაწილია. 2012 წლის არჩევნების დროს ივანიშვილმა მისი კუთვნილი მეცხრე არხის საკონსულტაციო საბჭოში CNN-ის ყოფილი წამყვანი ლარი კინგი მიიწვია, მაშინ ლარი კინგის გვარი ჩამონათვალში იყო, თუმცა ის ტელევიზიაში თვალით არ უნახავთ და ცნობილი გვარის ასოცირება მეცხრე არხთან მხოლოდ ფიქტიური იყო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები