18 აგვისტო 2019,   11:59
ვრცლად
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება - ეკა ბესელიამ კარტების გახსნა დაიწყო

ეკა ბესელიამ კარტების გახსნა დაიწყო. „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული ერთ-ერთი ლიდერი დღეს უკვე ღიად საუბრობს იმ შეხვედრის დეტალებზე, სადაც გააფრთხილეს, რომ თუ ის გუნდის წინააღმდეგ წავიდოდა, საბედისწერო შეცდომას დაუშვებდა.

უმრავლესობის რომელი ლიდერი ახდენდა მორალურ ზეწოლას და ტერორს ეკა ბესელიაზე, დღეს დეპუტატს აღარ დაუკონკრეტებია, თუმცა „კურიერთან“ დაადასტურა, რომ წასვლის წინ მისმა თანაგუნდელებმა გააფრთხილეს, დემარში უმტკივნეულო არ იქნებოდა.

გაფრთხილებას მალევე ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება მოჰყვა. ბესელიას მმართველი გუნდიდან მთავარი მოპასუხე დღეს ვიცეპრემიერი და პოლიტსაბჭოს წევრი მაია ცქიტიშვილი იყო. ცქიტიშვილმა თქვა, რომ ბესელიას მხრიდან ამ განცხადების გაკეთება უკვე დამღლელია და რომ ახლა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმის გამოუძიებლობის თემის წინ წამოწევა ბესელიას PR-კამპანიის ნაწილია.

ვინ ახდენდა ეკა ბესელიას მორალურ ტერორს, ამაზე დღეს უმრავლესობის ლიდერს ვკითხეთ. გია ვოლსკი კი საპასუხო კითხვებით ეკა ბესელიას მიმართა და მოსთხოვა, დაასახელოს ყველა ის პირი, ვინც მას უმრავლესობაში ყოფნის დროს ან შემდეგ აშანტაჟებდა.

ბესელია ამბობს, რომ ახლა მთავარი კითხვა პასუხგაუცემელია, ვინ არის ამ დანაშაულის დამკვეთი. როგორც იურისტი უდანაშაულობის პრეზუმფციას არ არღვევს, მაგრამ არ მალავს, რომ ლოგიკური ჯაჭვი, სავარაუდოდ, მოსამართლეთა კლანის წევრების და უმრავლესობის იმ დეპუტატებთან მიდის, ვისაც სასამართლო სისტემასთან მჭიდრო კავშირები აქვს.

საპარლამენტო ოპოზიციაში დარწმუნებულები, არიან რომ ვიდრე „ოცნება“ ხელისუფლებაშია არცერთი საქმე გამოძიებული არ იქნება.

ეკა ბესელია კი მის საქმეზე უკვე ნახევარი წელია, პასუხს ელოდება. შინაგან საქმეთა მინიტრის არაერთი საჯარო დაპირების მიუხედავად, დეპუტატს არ აქვს კითხვაზე პასუხი, ვინ დაგეგმა და განახორციელა მძიმე დანაშაული მის წინააღმდეგ.

ამავე თემაზე
დღის ამბები