19 აპრილი 2024,   13:41
ვრცლად
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებს "რუსთავი 2-ის" მფლობელს, უზრუნველყოს მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა

„მნიშვნელოვანია არ მოხდეს ჟურნალისტის სარედაქციო საქმიანობაში ან შემოქმედებით პროცესში ჩარევა და ცენზურა,“ - ამ განცხადებას „რუსთავი 2-ის" ირგვლივ განვითარებული მოვლენების ფონზე კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ავრცელებს.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებს "რუსთავი 2-ის" მფლობელს, უზრუნველყოს მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რუსთავი 2“ კომპანიის მფლობელის ცვლილების მიუხედავად, ამ ეტაპზე, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლად რჩება.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ჟურნალისტებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ შრომითი კონტრაქტების შეწყვეტის საფუძველი შესაძლოა, მძიმე ფინანსური მდგომარეობა გახდეს.

სწორედ ამიტომ, 11 არასამთავრობო ორგანიზაცია სამაუწყებლო კომპანიის მფლობელს, ქიბარ ხალვაშს მოუწოდებს, რომ ფინანსური პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგებლობა აიღოს.

„ჟურნალისტები შიშობენ, რომ არხზე არსებული მძიმე ფინანსური მდგომარეობა შესაძლოა მათი შრომითი კონტრაქტების შეწყვეტის საფუძველი გახდეს, რამაც საბოლოო ჯამში სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს. ქიბარ ხალვაშმა საჯაროდ განაცხადა,რომ რუსთავი 2-ს ,,სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება გარანტირებული“. მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მაუწყებლის ფინანსური პრობლემების მოგვარებაზე ისე, რომ არ დაზარალდეს არხის სარედაქციო პოლიტიკა.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მედია მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ჟურნალისტი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საკუთარი სინდისისა და პროფესიული სტანდარტების შესაბამისად, მისი პროფესიული საქმიანობა კი დაცულია დირექტორისა და მესაკუთრის ჩარევისგანაც კი.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია არ მოხდეს ჟურნალისტის სარედაქციო საქმიანობაში ან შემოქმედებით პროცესში ჩარევა და ცენზურა. ამასთან მიმდინარე პროცესების ფონზე აუცილებლად უნდა იქნას დაცული ჟურნალისტთა შრომითი უფლებები.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები აქტიურად აკვირდებიან რუსთავი 2-ში განვითარებულ მოვლენებს, განახორციელებენ სარედაქციო პოლიტიკის მონიტორინგს და გამოთქვამენ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში დაიცვან ჟურნალისტთა შრომითი უფლებები.

ასევე, კოალიცია მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები