25 აპრილი 2024,   10:20
ვრცლად
კალაძეც გამოვა და იტყვის, ოქრუაშვილი მოკვლას მიპირებდა ან მარსიანელები ჩამოიყვანა - ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ირაკლი ოქრუაშილის განცხადებას  გამოეხმაურა, სადაც  ის მასზე თავდასხმაზე საუბრობს და დამკვეთად კახა კალაძეს ასახელებს. ვოლსკი ყოფილი თავდაცვის მინისტრის განცხადებას უსაფუძვლოს და აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, აღნიშნულ საკითზე სერიოზულად საუბარი არც კი ღირს.

 „დათა თუთაშხიას მახსენებს, დავალებას რომ აძლევს, რომ იმას უთხარი ისო, მაგრამ სახლში თუ არ დაგხვდა, მეორეს უთხარი იგივეო, ოღონდ პირიქითო. დაახლოებით, ეგეთი შეფასება შემიძლია, გავაკეთო. კახა კალაძეც გამოვა ახლა და იტყვის, ოქრუაშვილი მოკვლას მიპირებდა ან რაღაცა მარსიანელები ჩამოიყვანა. საკითხებს მე სერიოზულ პასუხს ვერ გავცემ,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკის ვარაუდით, ირაკლი ოქრუაშვილი შესაძლოა, პოლიტიკაში დამკვიდრებას ცდილობს. 

„ორი ვარიანტი არსებობს აქ, ან ერთი, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე უნდა დამკვიდრება და რაღაც იმ შეკითხვებისგან თავის არიდება, რომელიც აბსოლუტურად ნათელია, რომ მის მიმართ ექნება გამოძიებას, ან მეორეა, რომ რაღაცა დიდი ვალი გააჩნია „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც დაიჭირა და შემდეგ ძალიან უცნაურ ვითარებაში გაათავისუფლა და საზღვარგარეთ გაამგზავრა. საუბრობს იმაზე, რომ მას რეკეტის სისტემა ჰქონდა აწყობილი და საუბრობს იმაზე, რომ სახელმწიფო მოხელეს შეეძლო, ეყიდა "რუსთავი 2", ან სხვა ტელევიზია და ათეულობით მილიონ დოლარს ატრიალებდა. ამას თვითონ რაც არ უნდა თვითილუსტრაცია და თვითაღიარება იყოს, ამასაც დამტკიცება სჭირდება,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

 თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ცოტა ხნის წინ სკანდალური განცხადება გაავრცელა, სადაც მან "რუსთავი 2-ის" საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან მასზე თავდასხმაზე ისაუბრა.

ამავე თემაზე
დღის ამბები