19 აპრილი 2024,   23:57
ვრცლად
ზეწოლა იყო ჩემს ბავშვზეც - ნარინე გინოსიანი ენზელ მკოიანის მხრიდან ზეწოლის ახალ დეტალებზე საუბრობს

ნარინე გინოსიანი „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ენზელ მკოიანის მხრიდან ზეწოლის ახალ დეტალებზე საუბრობს. მისი განმარტებით, სამართალდამცავები მის დაშინებას ოჯახის წევრებზე ზეწოლით ცდილობენ. გინოსიანი ამბობს, რომ მისი სტუდენტი შვილი პოლიციის განყოფილებაში, თითქოსდა, თარჯიმნის სტატუსით დაიბარეს. ბაგა-ბაღის დირექტორი აღნიშნავს, რომ მის შვილს თარგმანებთან და საიდუმლო ინფორმაციის შემცველ ტექსტებთან შეხება არ აქვს და ის ცოდნას სულ სხვა მიმართულებით იღებს.

“ზეწოლა იყო ჩემს ბავშვზეც და ასეთ სიტუაციაში ვარ... პოლიციაში დაიბარეს, სათარგმნად ვითომ, რომ თარგმანი გააკეთოს. ის უბრალოდ სტუდენტია, არც დიპლომი აქვს და მენეჯერობას სწავლობს, თარჯიმანი საერთოდ არ არის და ნინოწმინდის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე ურეკავს, იბარებს დიღომის პოლიციაში, რომ „ჩვენ დავაკავეთ ვიღაცა და მოდი და თარგმნე, რა ხდებაო“. აი, როგორ შეიძლება, რომ ჩვეულებრივი სტუდენტი, თან მენეჯმენტის სტუდენტი, სომხურენოვანი ბავშვი, ქართულად იმდენად არ იცის, იცის, სწავლობს, მაგრამ თარჯიმნის დონეზე არანაირად... მანდ საიდუმლო ინფორმაცია და რაღაცა არსებობს და ურეკავენ ჩემს ბავშვს და იბარებენ პოლიციაში. ეს დიდი პრობლემაა ჩემთვის იმიტომ, რომ ეს ზეწოლაა პირდაპირ ჩემს ბავშვებზე,“- განაცხადა გინოსიანმა.  

ნინოწმინდის საბავშვო ბაღის დირექტორი ჟურნალისტებს შეხვდა და მათ დახმარება სთხოვა. გინოსიანმა კიდევ ერთხელ განმარტა ის მიზეზები, რომლის გამოც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ის ფულის მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით პასუხისგებაში მისცა. გინოსიანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ სამართლებრივი დევნა მის წინააღმდეგ "ქართული ოცნების" დეპუტატის გავლენით დაიწყო, რადგან მან ენზელ მკოიანს ინტიმურ სიახლოვეზე უარი უთხრა.

გინოსიანის ადვოკატი შერჩევით სამართალზე საუბრობს და ამბობს, რომ მას ხელთ ორი წერილი აქვს, რომელიც პროკურატურაში გააგზავნა და საქმის სამართლებრივი შეფასება მოითხოვა,  თუმცა პასუხი არ მიუღია.

 „მე მაქვს ორი წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ ჩავაბარეთ თვენახევრის წინ პროკურატურას, ოფიციალურად, წერილობით და მოვითხოვეთ, რომ მას მიეცა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და დაეწყო დევნა. არა თუ სამართლებრივი შეფასება არ მიუცია და რეაგირება არ მოუხდენია, უბრალოდ პასუხიც კი არ გამოუგზავნია ჩვენთვის, რომ რაღაცა ფორმით, ის საერთოდ აპირებს სამომავლოდ მაინც რაღაცა მოქმედების განხორციელებას. გვაქვს ორი ასეთი წერილი და არ გვაქვს პროკურატურის პასუხი. ეს ხომ ნათელი მაგალითია იმისა, რომ ჩვენთან დაკავშირებით, როცა სჭირდებათ აი, ასეთ ბრალდებას დებენ და ჩვენ როდესაც ვითხოვთ, რომ არსებობს უფრო მეტი ბრალდების საფუძველი სხვის მიმართ, იქ საერთოდ არანაირი მოქმედებები არ ხორციელდება,“- განაცხადა ადვოკატმა.

კავშირ „საფარის“ აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია დარწმუნებულია, რომ ნარინე გინოსიანის სიმართლე აუცილებლად დადგინდება. მისი თქმით, ამ საქმეს ბევრი მოწმე ჰყავს, თუმცა მკოიანის გავლენის შიშით ბევრი მათგანი ამ საქმეზე ღიად საუბარს ვერ ბედავს. პატარაიას თქმით, არსებობს ერთი მოწმე, რომელმაც აღნიშნულ საქმეზე საუბარს დათანხმდა.

 „ჩვენ ამ ბრძოლაში ვიქნებით ერთად და, რა თქმა უნდა, შევძლებთ დავამტკიცოთ, რომ რასაც ქალბატონი ნარინე ამბობს, შეესაბამება სიმართლეს და არსებობს მტკიცებულებები. ასევე, გვაქვს მოლოდინი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებს თვითონ პარტიაც,  „ქართული ოცნებაც“ და გარკვეულ განცხადებებით გამოეხმაურება ასევე პარლამენტიც, რომელმაც სულ რამდენიმე თვის წინ მიიღო კანონი სექსუალური შევიწროების შესახებ. არსებობს ბევრი მოწმე ამ საქმეში. რა თქმა უნდა, მოწმეების დიდი ნაწილს არ სურს ახსნა-განმარტების მიცემა სახელმწიფო დაწესებულებებისთვის, ვინაიდან ეშინია ენზელ მკოიანის ძალაუფლების, თუმცა ჩვენ გვყავს მოწმე, რომელიც თანახმაა, ისაუბროს ამ თემაზე,“ - განაცხადა  პატარაიამ.

ნინოწმინდის ბაგა-ბაღის დირექტორის თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ენზელ მკოიანს მასზე ძალადოის არაერთი მცდელობა ჰქონდა, თუმცა გინოსიანი წინააღმდეგობას უწევდა. როგორც თავად ამბობს, საქმეზე საჯაროდ ალაპარაკების შემდეგ კი, ბაგა- ბაღში, სადაც გინოსიანი დირექტორის პოსტს იკავებდა, ფინანსური პოლიცია შევიდა და მას ბრალი თანხების გაფლანგვაში დასდო.

 

დღის ამბები