19 აპრილი 2024,   18:51
ვრცლად
სარედაქციო პოლიტიკა - ომბუდსმენი პაატა სალიას და "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებს შეხვდა

"რუსთავი 2-ის" სარედაქციო პოლიტიკა და ჟურნალისტების დამოუკიდებლობა - ამ საკითხებზე სასაუბროდ სახალხო დამცველი სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლებსა და "რუსთავი 2-ის" ახალ გენერალურ დირექტორს შეხვდა. ამ ეტაპზე არ არსებობს სამართლებრივად გამყარებული გარანტია, რომლის მიხედვითაც, სამაუწყებლო კომპანიის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ის პროცესში აქტიურად ჩაერთვება. მისი თქმით, მედია ექსპერტებთან და ჟურნალისტებთან ერთად ეცდება შექმნან ისეთი მექანიზმი, რომელიც სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების გარანტია იქნება. 

"მიუხედავად იმისა, რომ არხის მესაკუთრემ უარყო ის ვერსია, ის ფორმატი, რაც მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ამ არხის ჟურნალისტებმა შესთავაზეს, მაინც განეხილათ ალტერნატივა ან რაღაცა ფორმატი, რომელიც დაიცავდა, ერთი მხრივ, ჟურნალისტებს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან, ასევე არხის ხელმძღვანელობასაც ბრალდებებისგან, რომ ისინი ერევიან სარედაქციო დამოუკიდებლობაში.

ვაპირებ, ამ მიმართულებით გავაგრძელო მეც მუშაობა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების, მედია ექსპერტებისა თუ ჟურნალისტების ჩართულობით, რა მექანიზმები უნდა შევქმნათ, რომ ეს არ იყოს მხოლოდ სიტყვები,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

ნინო ლომჯარიას "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებმა მიაწოდეს ინფორმაცია და უთხრეს, რომ მათი მთავარი მოთხოვნა სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებაა.

პაატა სალიას განცხადებით კი, ის მზად არის, ისაუბროს კონკრეტულ ბერკეტებსა და გარანტიებზე, მაგრამ არა იმ ფორმით, რაც მას არხის ჟურნალისტებმა შესთავაზეს. 

"მე ყველანაირ ბერკეტზე შემიძლია ვისაუბრო იმ რეჟიმში, რომ ეს იქნება კომპანიისთვის მაქსიმალურად ეფექტური. ამ ეტაპამდე არავის არანაირი პრობლემა არ შექმნია, დამეთანხმება არხის ყველა ჟურნალისტი. რაც შეეხება ეფექტურ საშუალებებს იმისთვის, რომ მოხდეს არხის ეფექტურად მუშაობას, ვგულისხმობ, თუნდაც დამოუკიდებლობას ჟურნალისტების ყველაფრის განხილვა შეიძლება. ბორდი იქნება ეს თუ რა იქნება განსაზღვრული არ არის" - განაცხადა პაატა სალიამ. 

დღის ამბები