20 აპრილი 2024,   12:08
ვრცლად
"ოცნება" ჟურნალისტების და მათი ოჯახების დევნას იწყებს - "კურიერმა" კვესიტაძის სახლთან შეკრებილების ვინაობა გაარკვია

„ქართული ოცნება“ ჟურნალისტების და მათი ოჯახის წევრების დევნას იწყებს. „კურიერმა“ გაარკვია ყველას ვინაობა, ვინც გუშინ სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტის, ეკა კვესიტაძის სახლთან ხმაურიან აქციაზე იმყოფებოდა.

მმართველი პარტიის წევრები და აქტივისტები ძირითადად გორიდან იყვნენ მობილიზებული. ერთ-ერთი მათგანი, უჩა მშვიდობაძეა, "ქართული ოცნების" გორის ორგანიზაციის წევრი და კულტურის ცენტრის მოქმედი თანამშრომელი.

უჩა მშვიდობაძე „კურიერთან“ ადასტურებს, რომ ჟურნალისტის სახლთან საკუთარი გადაწყვეტილებით არ წასულა. საჯარო მოხელეები გორის საკრებულოს შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისში „ოცნების“ მიერ დაქირავებული სამარშუტო ტაქსით ჩამოიყვანეს.

გორში პარტიულ აქტივს სოციალურ ქსელში შოთა უტიაშვილის სტატუსის ფოტო გაუგზავეს და მოუწოდეს, რომ უტიაშვილის სახლთან აქციაზე წასულიყვნენ.

„რუსთავი 2-ის“ ტელეწამყვანის ეკა კვესიტაძის სახლთან აქცია „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა და საჯარო მოხელეებმა მისი მეუღლის Facebook სტატუსი მოტივით გამართეს, თუმცა არ იციან, ზუსტად რა დაწერა შოთა უტიაშვილმა.

"ქართული ოცნების" გორის ახალგაზრდული ფრთიდან „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტის სახლთან სხვა საჯარო მოხელეებიც იმყოფებოდნენ. ნიკა ბერძნიშვილი, ფრიდონ მოხოხაშვილი და უჩა მშვიდობაძე ანაზღაურებად შვებულებაში 23 ივლისს 3 დღით გავიდნენ. სამივე გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომელია.

გორის მერიის კულტურის ცენტრში მატერიალურ-ტექნიკურ განყოფილებას სულ 5 თანამშრომელი ჰყავს, აქედან 3 ამჟამად ოფიციალურად შვებულებაშია და სამივე მათგანი ეკა კვესიტაძის სახლთან გუშინ გამართულ აქციაზე იმყოფებოდა.

მათი ხელმძღვანელი გელა კაპანაძე ამბობს, რომ საქმის კურსში არ იყო, თუ მისი თანამშრომლები აქციაზე წასვლას აპირებდნენ. უჩა მშვიდობაზე კი ამბობს, რომ ხელმძღვანელი გააფრთხილეს.

გელა კაპანაძე თავად აქციაზე არ ყოფილა, თუმცა თანამშრომლების გადაწყვეტილებას იზიარებს, აქციის პათოსს ეთანხმება, თუმცა, ზუსტად არც მან იცის, რა დაწერა შოთა უტიაშვილმა სოციალურ ქსელში.

"ქართული ოცნების" გორის ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტის სახლთან საპროტესტო აქცია გუშინ გაიმართა.

„რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტის სახლთან აქციას წინასწარ აანონსებდა კოკა ყანდიაშვილის სააგენტო „ეს პერსონა“. ეკა კვესიტაძე დარწმუნებულია, რომ მისი მეუღლის წინაღმდეგ გამართული აქცია „რუსთავი 2-ში“ მის პროფესიულ საქმიანობას ეხებოდა და მასზე ზეწოლის განხორციელებას ემსახურებოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები