14 ოქტომბერი 2019,   13:20
ვრცლად
აღშფოთებული მოქალაქეების სისხლის სამართლებრივი დევნა არის შერჩევითი სამართალი - შოთა დიღმელაშვილი

37-ე დღე რუსთაველის გამზირზე - პროტესტი პარლამენტის წინ არ წყდება. გახარიას გადადგომის მოთხოვნით თვეზე მეტია, ახალგაზრდები ქუჩაში დგანან.

აქციის ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი 20-21 ივნისის საქმეზე მომიტინგეების დაკავებებს ეხმაურება. დიღმელაშვილის განცხადებით, მათი დაკავება ხელისუფლების მხრიდან შურისძიების ტოლფასია.

დიღმელაშვილი ამბობს, რომ აქციის მონაწილეების სისხლის სამართლებრივი დევნა შერჩევითი სამართლის მაჩვენებელია.

„გავრილოვის ჩამოსვლით გაღიზიანებული და აღშფოთებული მოქალაქეების სისხლისსამართლებრივი დევნა, ლამის, განზრახ მკვლელობის ტოლფასი უმძიმესი მუხლებით არის შერჩევითი სამართალი.

„დაკავებულთა რიგებში არიან ადამიანები, რომელთაც წარსულში არანაირი ძალადობრივი ქმედება არ განუხორციელებიათ. ეს ადამიანები მუშაობდნენ ქვეყნისთვის, იხდიდნენ გადასახადებს.

„ამ პირთა პატიმრობა შურისძიებას ჰგავს, შურისძიებას იმისთვის, რომ ხელისუფლებას გავრილოვის ფიანდაზით მასპინძლობა ამ ადამიანებმა ასევე, ვერ აპატიეს.

„ასევე, უცვლელი რჩება ჩვენი მთავარი მოთხოვნა და მოვითხოვთ, რომ გავრილოვის ღამის მთავარი დამნაშავე და შემოქმედი შს მინისტრი, გიორგი გახარია, რომელიც ისევ ჩვენი გადასახადებიდან იღებს ხელფასს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან,“ - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

დღის ამბები