26 აპრილი 2024,   00:45
ვრცლად
ხმაურის გამო ივანიშვილის სახლიდან პოლიციაში შეტყობინება შევიდა - აქციის მონაწილეები პოლიციაში გამოიკითხნენ

შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის წინ გამართული აქციის მონაწილეთა გამოკითხვები ოზურგეთის პოლიციაში წუხელ გვიანობამდე გაგრძელდა. პოლიციის ცნობით, 112-ში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის საცხოვრებელი სახლიდან შევიდა შეტყობინება ხმაურთან დაკავშირებით, რის საფუძველზე მიმდინარეობს იმ აქციის მონაწილეთა გამოკითხვები, რომლებიც ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციას მართავდნენ.

გამოძიება არკვევს რამდენად გაუსაძლისი იყო აქციის მონაწილეთა ხმაური იქ მცხოვრებელთათვის და ირღვეოდა თუ არა ამით მოქმედი კანონმდებლობა.

აქციის მონაწილე ანზორ გუბაევი ამბობს, რომ სამართალდამცავებს მისთვის ხმაურთან დაკავშირეიბით კითხვები არ დაუსვამთ. მისი თქმით, გამოკითხვის დროს ბევრი ისეთი შეკითხვა დაუსვეს, რომელიც აღნიშნულ თემასთან კავშირში არ იყო. 

„ხმაურთან დაკავშირებით საერთოდ არ ჰქონიათ კითხვა. მეკითხებოდნენ, რომელ დღეებში ვიყავი უშუალოდ აქციაზე და ვიყავი თუ არა იმ დღეს იქ და ამავდროულად, ბევრი თემიდან გადახვეული კითხვები ჰქონდათ. აი, მაგალითად, ვინ არის ჩემი ხელმძღვანელი, სად ვმუშაობ, რამდენი ხანია, ვმუშაობ, ანუ უფრო სხვა ხაზით იყო დაკითხვა რეალურად, რაც, ჩემი აზრით, იყო არასწორი,“ - ანაცხადა ანზორ გუბაევმა.

გამოკითხვის პროცესს აკვირდებოდა საია-ს აჭარის ოფისის წარმომადგენელი, რომლის განცხადებით, ხმაური, რომელიც თან ახლავს აქციას არ არის კანონდარღვევა და ის მთლიანად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში.

„აუცილებლად უნდა იყოს გონივრული მტკიცებულებებით გამყარებული და მხოლოდ და მხოლოდ ახსნა-განმარტება არ შეიძლება, რომ იქნას, ასე ვთქვათ, გაზიარებული, ანუ ვიღაცის მოსაზრება, რომ აქ არის ხმაური, ეს საჭიროებს, ობიექტურად დადასტურებული უნდა იყოს, რომ ეს ასე ნამდვილად არის, თუ არ არის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული ქმედებები გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდებოდა,“ - განაცხადა ანა მდინარაძემ.

ხმაურთან დაკავშირებით შსს-მ მოკვლევა რამდენიმე დღის წინ დაიწყო, გუშინ გამოკითხა სამი ადამიანი, წუხელ - ხუთი. სავარაუდოდ, გამოკითხვები გაგრძელდება. 

შეკვეთილში ივანიშვილის რეზიდენციასთან პერმანენტული აქციები იმართება. აქციის მონაწილეები შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. 

დღის ამბები