19 აპრილი 2024,   04:05
ვრცლად
"ჩემი ძმისშვილი მიცავდა მე" - საქალაქო სასამართლოში მორის მაჩალიკაშვილის პროცესი იმართება

საქალაქო სასამართლოში მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილის პროცესი იმართება. მას ბრალი 20-21  ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის ედება. სასამართლოში იმყოფებიან მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ოჯახის წევრები.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამბობს, რომ ხელისუფლება მასზე შურისძიებას ცდილობს. მისი თქმით, მორის მაჩალიკაშვილის დაკავების მიზეზი სასაცილო და უსაფუძვლოა.

„რასაც ედავებიან, როგორც ასეთი, 225-ე მუხლის მეორე ნაწილი, ეს არის სასაცილო, სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება. მე და ჩემს ძმიშვილს საერთოდ არ გვქონია მაგის ინტერესი. მე არ მაქვს ის მტკიცებულებები, არ მინახავს, დღეს რას ედავებიან მაჩალიკაშვილს, რა მტკიცებულებები აქვთ. მე ვიცი, რომ ერთი იქ იყო ძალიან არეულობა, იქ იყო შეტაკებები, რა მოხდა, ძირითადად არ დამინახავს. მე ვხედავდი, ჩემი ძმისშვილი მიცავდა მე,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მორის მაჩალიკაშვილის უფლებადამცველი ქეთი ჩუთლაშვილის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს. ადვოკატი ამბობს, რომ საქმის მასალების თანახმად,  მაჩალიკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ უნდა იქნას გამოყენებული.

„ჩვენთვის, როგორც ცნობილი არის, პროკურატურა შუამდგომლობს პატიმრობის შესახებ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა იქნას შეფარდებული. ბუნებრივია, ჩვენ ვერ ვეთანხმებით ამ შუამდგომლობას, ვინაიდან წარმოდგენილი მასალებით არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების არც ფაქტობრივი და არც ფორმალური საფუძვლები. ჩვენი მოთხოვნა იქნება, რომ მორის მაჩალიკაშვილის მიმართ საერთოდ არ იქნას აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული,“- განაცხადა ადვოკატმა.

დღის ამბები