25 აპრილი 2024,   04:28
ვრცლად
გალიები უკვე ყველას იტევს, ცხოველებს, თავისუფალ სიტყვას და პოლიტიკოსებს - ოპოზიცია რთულ საარჩევნო წელს აანონსებს

გალიები უკვე ყველას იტევს, ცხოველებს, თავისუფალ სიტყვას და პოლიტიკოსებს - „რადიო თავისუფლების“ კარიკატურა ბოლო კვირებში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს ასახავს.

ერთი კაცის შურისძიება - ასე აფასებს დღევანდელ პოლიტიკურ სურათს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელი, ნინო გოგუაძე. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველის რეპრესიები საარჩევნო სამზადისს უკავშირდება, ამისთვის კი ყველაზე უხეში მეთოდებით იბრძვის.

„როდესაც მთელი კონტროლი ადამიანმა დაამყარა ძალოვან სტრუქტურებზე და ჩვენ ვიცით, რომ ის პოლიტიკური პროკურატურით, სუს-ით, უკვე პოლიტიკური სასამართლოთი მართავს ამ სახელმწიფოს, რასაკვირველია, ეს არის რუსული ტიპის სახელმწიფო, რომლის დემოკრატიული განვითარება საერთოდ წარმოუდგენელია,“ - ამბობს ნინო გოგუაძე.

ბოლო რამდენიმე კვირაა, ქვეყანაში პოლიტიკური დუღილის ტემპერატურამ პიკს მიაღწია. ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდა ოპოზიციის ორი ლიდერი - ნიკა მელია და ირაკლი ოქრუაშვილი. ერთი საკანშია, მეორე კი - შინაპატიმრობაში. ფულის გათეთრების საქმეში ბრალდებულებად გამოაცხადეს ქვეყნის ყველაზე დიდი ბანკის დამფუძნებლები - ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ პოლიტიკაში წასვლა დააანონსა. ტემპერატურამ იმატა მედიაშიც. შეიცვალა ქვეყნის ყველაზე კრიტიკული ტელევიზიის მფლობელები და თანამდებობიდან გადააყენეს არხის გენერალური დირექტორი.

პოლიტიკური ვნებათაღელვის პარალელურად კი, ეროვნული ვალუტა ანტირეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა. ბიძინა ივანიშვილის გუნდის ყოფილი პოლიტიკური პარტნიორები შიშობენ, რომ ეს ვითარება, მმართველი პარტიის გარდა, ქვეყანასაც ძვირად დაუჯდება.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მიღებული სკანდალური პოლიტიკური გადაწყვეტილებებით მმართველმა პარტიამ და მისმა ლიდერმა პოლიტიკური კრახი აღიარა. ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, რომლებიც ამბობენ, რომ ეს მეთოდები საკუთარ თავზე გამოსცადეს, ამას ზამბარის ეფექტი ექნება.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური ველის მოსუფთავება ჯერ არ დაუსრულებია და 2020 წლამდე ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს.

 „ქართული ოცნება“ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში საგანგაშოს და საქილიკოს ვერაფერს ხედავს. ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში კანონი უზენაესია და აქ განსხვავებული აზრისთვის ან პოზიციისთვის არავის სჯიან.

ოპოზიციციაში კი ვარაუდობენ, რომ პოლიტიკური ტემპერატურა კიდევ უფრო აიწევს და 2020 წლის საარჩევნო წელი უპრეცედენტოდ რთული იქნება.

დღის ამბები