23 ოქტომბერი 2019,   05:23
ვრცლად
არავითარი კავშირი ამას 20 ივნისთან არ აქვს - ოპოზიცია ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას აკრიტიკებს

ირაკლი ოქრუაშვილისთვის წინასწარ პატიმრობაში შეფარდებას ოპოზიციური პარტიის ლიდერები აკრიტიკებენ და მის პოლიტიკურ გააქტიურებას უკავშირებენ. პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელი, კოტე კემულარია ამბობს, რომ ოქრუაშვილის პატიმრობაში დატოვებას 20 ივნისის მოვლენებთან კავშირი საერთოდ არ აქვს. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი რუსეთის დაკვეთას ზედმიწევნით ასრულებს.

„არავითარი კავშირი ამას 20 ივნისთან არ აქვს, 20 ივნისი დადგა და შეასრულა ივანიშვილმა, მას უნდა გადაეცა ანაკლიის პორტის საკონტროლო პაკეტი რუსებისთვის, ეს იყო პირდაპირ პუტინის მოთხოვნა, მას უნდა დაეხურა "რუსთავი 2", მას უნდა გაენადგურებინა ოპოზიცია.... არანაირი სამართლებრივი საფუძველი ამას არ აქვს, ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს არის უნიათო ივანიშვილი, რომელიც ამთავრებს ძალიან ცუდად პროცესს,“ - ამბობს კემულარია.

მოსამართლის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, მურთაზ ზოდელავა. ის ამბობს, რომ ივანიშვილის მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები აჩვენებს, რომ ის ხელისუფლებაში დიდხანს ვეღარ დარჩება.

„აბსოლუტურად უსაფუძვლო, არაფრით არ არის დასაბუთებული, უნდა მოგახსენოთ, რომ მარტო ირაკლი ოქრუაშვილთან მიმართებაში არა, ასევე, იყო ორი ადამიანი, ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც ასევე დააპატიმრეს და აბსოლუტურად უკანონოდ ეს ადამიანებიც, ივანიშვილს ჰგონია, რომ ვიღაცას ან რამეს შეაშინებს, ან რამეს შეცვლის, მისი ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო პერიოდში და მე ამაში ვრწმუნდები, რომ  ყოველდღიურად, რომ ეს არის ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო პერიოდი, ბოლო თვეები, რასაც დათესს, იმას მოიმკის,“ - განაცხადა ზოდელავამ.

ირაკლი ოქრუაშვილს მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ გადაწვეტილება მოსამართლე მაკა გველესიანმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო. ოქრუაშვილის გარდა წინასწარი პატიმრობა მიესაჯა ასევე, 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ კიდევ ორ მოქალაქეს.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ბრალდებით ორი დღის წინ დააკავა.

ამავე თემაზე
დღის ამბები