19 აპრილი 2024,   10:59
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილს სისხლიანი საშემოდგომო გამოჰყვა პუტინისგან - პოლიტიკოსები რეპრესიების დაწყებაზე საუბრობენ

ამ გადაწყვეტილებით, სასამართლომ დაადასტურა, რომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს არ ეკუთვნის - ასე აფასებენ ოპოზიციის წევრები, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას და ბიძინა ივანიშვილს, პოლიტიკურ რეპრესიებში ადანაშაულებენ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლებას ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაკეთებული ბოლოდროინდელი განცხადებების შეეშინდა და მისი ციხეში გამოკეტვით, ოპონენტების განეიტრალებას ცდილობს.

ირაკლი ოქრუაშვილს და მასთან ერთად დაკავებულ 6 პირს, გუშინ სასამართლომ, 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

„ქვეყანაში დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები. ეს ადამიანები, ყველანი არიან პოლიტპატიმრები და საქართველოს მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს რა ელოდება ამ ქვეყანას. ჯერ რეპრესიები და მერე ქვეყნის ჩაბარება რუსეთისთვის,“-ამბობს გუბაზ სანიკიძე.

მისი თქმით, ივანიშვილი მძიმე მდგომარეობაშია, მას სერიოზული ეჭვის თვალით უყურებს რუსეთი, უპირისპირდება დასავლეთი და ქართველი ხალხი.

„მას აქვს სისხლიანი საშემოდგომო გამოყოლილი პუტინის მხრიდან. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შემოდგომაზე ივანიშვილის ოპონენტი გახდება ქართველი ხალხი,“-ამბობ სანიკიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მოუწოდებს ხელისუფლებას გამოაქვეყნოს ყველა იმ პირის სია, ვინც ამ დროისთვის პატიმრობაშია. მურთაზ ზოდელავა ამბობს, რომ ყველა პატიმარი პოლიტიკური ნიშნითაა დევნილი.

„ბოლოს და ბოლოს მოსკოვის ომონმა გამოაქვეყნა სია დაპატიმრებულების და რა გახდა ჩვენთან. ეს არის "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ყოფნის ბოლო ფაზა,“-ამბობს ზოდელავა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი კი ამბობს, რომ როცა ხელისუფლება აპატიმრებს იმ პირებს, ვინც ანტისაოკუპაციო აქციებში მონაწილებს, ცალსახაა შერჩევითი სამართალი. მისი თქმით, როგორც კი ვინმე ხმამაღლა იწყებს ივანიშვილის კრიტიკას, მას ექმნება პრობლემები.

„ცხადად ჩანს, რომ ყველა, ვისგანაც ივანიშვილი რაიმე ფორმით, იქნება ეს დაკავშირებული, "რუსთავი 2"-ის საქმესთან, ანაკლიის პორტთან, თუ იქნება ზოგადად ივანიშვილის მანკიერი მმართველობის სისტემის კრიტიკასთან, ყველა ხდება შს სამინისტროს და პროკურატურის სამიზნე,“-ამბობს ჭიაბერაშვილი.

ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა კი ამბობს, რომ ოქრუაშვილის პატიმრობას ორი მიზეზი აქვს, ერთი რომ "რუსთავი2" ნამდვილად არ ეკუთვნის ქიბარ ხალვაშს და მეორე, ქარდავას თქმით, ივანიშვილი ცდილობს მოასუფთავოს პოლიტიკური ველი. 

დღის ამბები