18 ოქტომბერი 2019,   11:36
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის კამერის დაზიანების ბრალდება - აჭარის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება

აჭარის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. ელგუჯა ბაგრატიონმა ოზურგეთის პოლიცია უკვე დატოვა. 

დეპუტატს ბრალი სისხლის სმართლის კოდექსის 188-ე მუხლით წაუყენეს, რაც გაუცნობიერებლად, სხვისი ქონების დაზიანებას გულისხმობს და სასჯელის სახით, ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.

ბაგრატიონს გამოძიებამ გააცნო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ვიდეოთვალის დაზიანებისთვის მას 600 ლარის გადახდა მოუწევს.

გამოძიებამ მუხლი დღეს მოულოდნელად შეცვალა, აქამდე მას 187-ე მუხლის დარღვევას ედავებოდნენ, რაც ერთიდან სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ოზურგეთის პოლიციის შენობიდან კი ბაგრატიონმა და მისმა მხარდამჭერებმა, ისევ შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, აქციაზე გადაინაცვლეს.

„ცალკეული შემთხვევები, როდესაც რაღაც მიზეზების გამო ივანიშვილის რეჟიმი შეეცდება რაღაცით დააშინოს ჩვენი წევრები, ამას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ჯარიმას დაგვიწესებენ, ციხეში ჩაგვსვამენ, ამა თუ იმ სასჯელს მოგვისჯიან სხვადასხვა დროის განმავლობაში პატიმრობასთან დაკავშირებით თუ სხვა ღონისძიებებს გაატარებენ, ამას აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამ რეჟიმმა თავისი თავი მოჭამა,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ბარამიძემ.

დღის ამბები