23 ოქტომბერი 2019,   05:10
ვრცლად
უბედური შემთხვევა თუშეთის გზაზე - ტრაგედიის ადგილზე მაშველები კიდევ ერთ ახალგაზრდას ეძებენ 

ავტოკატასტროფას თუშეთის გზაზე 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის შაბალაიძეების ოჯახის სამი წევრი. ამ დრომდე, ტრაგედიის ადგილზე მაშველები კიდევ ერთ ახალგაზრდას ეძებენ. გარდაცვლილებს შორის არის არასრულწლოვანიც. მგზავრებით სავსე სატვირთო ავტომობილი დაახლოებით 200 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.

კადრები, რომელიც ავტოკატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული, სოციალურ ქსელში გავრცელდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ ქვემოალვანიდან სატვირთო ავტომობილის მძღოლი ზაურ გიგოიძე თანასოფლელებთან ერთად, თუშეთში დღესასწაულზე მიდიოდა, რა დროსაც გავრცელებული ინფორმაციით, გზის და ავტომობილის გაუმართაობის გამო საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში ჩავარდა. გარდაცვლილებს შორის არის მძღოლიც.

სამაშველო ოპერაცია თუშეთის გზაზე გუშინ საღამოდან მიმდინარეობდა. რთული პერიმეტრის გამო, მაშველები ცხედრების ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ, ამიტომ ოპერაციაში ავიაციაც ჩაერთო.

უმძიმეს ავტოკატასტროფას 5 ადამიანი გადაურჩა ისინი ვინც სატვირთო ავტომობილიდან გადმოხტომა მოასწრო. მათგან 2 გუშინ სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ავტორი: ია გულიაშვილი. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები