14 ოქტომბერი 2019,   13:10
ვრცლად
მურუსიძის სამართალი მურუსიძის სიტყვის წინააღმდეგ - სანდრო გირგვლიანის საქმე და იურისტების ალტერნატიული გადაწყვეტილება

მურუსიძის სამართალი მურუსიძის სიტყვის წინააღმდეგ - კლანის ლიდერად წოდებულ მოსამართლეს ყოველთვის უხსენებენ ხოლმე გირგვლიანის ხმაურიან პროცესს და ახსენებენ იმას, რომ ხარვეზიანი საქმე მან არ დააბრუნა ქვედა პალატაში, როგორც ამას კანონი მოითხოვდა.

ლევან მურუსიძე თავადაც აღიარებდა, რომ საქმე ცუდად იყო გამოძიებული, მაგრამ ამტკიცებდა, რომ სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა.

გირგვლიანის საქმემ მურუსიძეს ხელი ვერ შეუშალა უვადო მოსამართლე გამხდარიყო. გასაუბრებაზე ის წინადადებითაც გამოვიდა. იურისტებს ალტერნატიული გადაწყვეტილების დაწერა შესთავაზა. იურისტების თქმით, გირგვლიანის საქმეში როდესაც ის უზენაეს სასამართლოში მურუსიძის მაგიდაზე იდო, ბევრი დაუდგენელი ფაქტი იკვეთება.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, როდესაც გირგვლიანის საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო, მაია მწარიაშვილი თბილისის პროკურორი იყო. ისიც თვლის, რომ მურუსიძეს საქმე ქვედა ინსტანციაში უნდა დაებრუნებინა. მურუსიძის გასაკეთებელი ხუთი წლის შემდეგ გააკეთეს, საქმე ხელახლა შეისწავლეს, სატელეფონო ანძის ჩანაწერები თავიდან გაშიფრეს და გაირკვა, რომ იმ ღამით ოქროყანაში შინაგან საქმეთა სამინისტროს 4-ზე მეტი თანამშრომელი იყო და მათგან ერთს მსგავსი დანაშაული ერთი წლით ადრეც ჰქონდა ჩადენილი. სანდრო გირგვლიანის ოჯახს მტკიცებულებები ბოლომდე არ გააცნეს და ლევან მურუსიძის მაგიდაზე დადებულ საქმეს 14 მტკიცებულება აკლდა.

"კონსტიტუციის 42-ე მუხლის" იურისტებმა სამი ალტერნატიული გადაწყვეტილება დაწერეს. კვლევის შედეგები იურისტებმა კოლეგებს კონფერენციაზე გააცნეს, აზრი ყველამ გაიზიარა, მურუსიძეს საქმე ქვედა ინსტანციაში უნდა დაებრუნებინა. მოსამართლე მურუსიძე სხდომას არ დასწრებია. "პოსტსკრიპტუმს" უთხრეს, რომ ის შვებულებაშია.

ფაქტია, რომ ალტერნატიული გადაწყვეტილების მოსამზადებლად არასამთავრობო ორგანიზაციები თავად გამოიწვია. გადაწყვეტილებები დაწერილია, ახლა მისი ჯერია, უნდა განმარტოს როგორ აღმოჩნდა მურუსიძე მურუსიძის წინააღმდეგ.

დღის ამბები