14 ოქტომბერი 2019,   13:11
ვრცლად
1300-ზე მეტი დაკავებული და 100-მდე დაშავებული - სისხლიანი პროცესები მოსკოვში და პარალელები 20 ივნისის მოვლენებთან

მოსკოვში, 27 ივლისს ათასობით ადამიანი ქუჩაში გავიდა და საკუთარი პროტესტი გამოხატა. პროტესტის ტალღა ორი კვირის წინ დაიწყო, როდესაც მოსკოვის დუმის არჩევნებზე, დამოუკიდებელი კანდიდატები არ დაარეგისტრირეს. მიუხედავად იმისა, რომ საჭირო რაოდენობის ხელმოწერები ჰქონდათ, მათ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი უთხრეს. ამის შემდეგ დაიწყო შევიწროება, ჩხრეკა, კანდიდატებთან სახლში შევარდნა. 

27 ივლისს, არასანქცირებულის მიზეზით, აქციის დაშლა მალევე დაიწყო. დააკავეს კანდიდატები, აქტივისტები და ჟურნალისტები. ბოლო მონაცემებით, დააკავეს 1300-ზე მეტი ადამიანი, დაშავდა ასამდე ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები.

სახალხო პროტესტს და მიტინგის დარბევას მხოლოდ ოპოზიციური არხები გადასცემდნენ. რამდენიმე წუთში, პოლიციელები პირდაპირ ეთერში შეიჭრნენ.

ვიდრე სპეცრაზმი მოსკოვის ქუჩებში ოპოზიციას არბევდა რუსეთის ლიდერი დედაქალაქიდან წავიდა და ბათისკაფით ფინეთის ყურეში 50 მეტრის სიღრმეზე დაეშვა.

საქართველოში მცხოვრები ჟურნალისტი, ოლეგ პანფილოვი მოსკოვში მიმდინარე პროცესებს აფასებს. ის ერთ-ერთი იყო, ვინც თბილისსა და მოსკოვში განვითარებულ მოვლენებს შორის მსგავსება დაინახა და პარალელებიც გამოკვეთა.

„როცა მოსკოვის კადრებს ვუყურებდი, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ერთი და იგივე უფროსი გასცემდა დარბევის ბრძანებებს ტელეფონით მოსკოვსა და თბილისში. მსგავსი სისასტიკე გამოიყენეს აქაც და მოსკოვშიც,“ - განაცხადა ოლეგ პანფილოვმა.

მოსკოვსა და თბილისში, მიტინგის დარბევის მეთოდები ერთმანეთის მსგავსია. მსგავსებებსა და განსხვავებებზე საუბრობს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც ქართულ პროტესტს და მუხტს პირდაპირ უკავშირებს მოსკოვში განვითარებულ მოვლენებს. მოსკოვში, 3 აგვისტოს, კიდევ უფრო მასშტაბური აქციაა დაგეგმილი. 

დღის ამბები