19 აპრილი 2024,   19:05
ვრცლად
საქართველოში დიქტატურა დაიბადა - ოქრუაშვილის თანამებრძოლები დიპლომატებს და სახალხო დამცველს შეხვდებიან

საქართველოში დიქტატურა დაიბადა - სამართლებრივი პროცედურების გარდა, ოქრუაშვილის გათავისუფლების მიზნით ბრძოლას აგრძელებენ მისი თანაგუნდელებიც. "გამარჯვებული საქართველოს" წევრები დღეიდან შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და სახალხო დამცველთან იწყებენ.

მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ოქრუაშვილი პირადად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარია და მისი დაკავება "რუსთავი 2"-ის საქმეს უკავშირდება. სწორედ ამის შესახებ გეგმავენ "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერები არასამთავრობოებისა და დიპლომატიური კორპუსის ინფორმირებას. ოქრუაშვილის დაკავება არ იქნება ერთადერთი, ვის შესახებაც მოძრაობის წევრები დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრებენ.

"უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია არამარტო ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით,არამედ ზოგადად პოლიტიკური რეპრესიების თაობაზე, გვაინტერესებს მათი მოსაზრებები, რას შემოგვთავაზებენ. საქართველოში უკვე დაიბადა დიქტატურა,"-ამბობს პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელი გუბაზ სანიკიძე.

​პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელი გურამ ჩალაგაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დაჭერა არ ნიშნავს, რომ მათ მიერ დაარსებული პოლიტიკური მოძრაობა არსებობას შეწყვეტს. 

"ჩვენ ვართ ძალიან ბევრნი. ასე რომ შევაწუხებთ ყველა ორგანიზაციას, ვისაც ხელი მიუწვდება რომ როგორმე დასავლეთის ზეწოლით იქნებ შეიგნოს ივანიშვილმა,რომ პოლიტპატიმარი საქართველოში არ უნდა არსებობდეს და ყველა პოლიტპატიმარი გამოუშვან გარეთ,"-ამბობს ჩალაგაშვილი.

დღის ამბები