23 ოქტომბერი 2019,   05:14
ვრცლად
ტყვიაგაუმტარი მინები და თხრილები - შეკვეთილში, ოლიგარქის სასახლესთან უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული

შეკვეთილში, ოლიგარქის სასახლესთან უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. რამდენიმე დღის წინ ივანიშვილის სახლთან, ტყვიაგაუმტარი მინების ახალი პარტია მიიტანეს და რეზიდენციის შესასვლელთან დაასაწყობეს.

შეკვეთილში, ივანიშვილის სასახლესთან თვეზე მეტია, მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, რომლის მთავარი მოთხოვნა ოლიგარქის ფავორიტი მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ივანიშვილს ნერვებმა უმტყუნა და მის ხელქვეითებს საცხოვრებლის დასაცავად დამატებითი ზომების მიღება უბრძანა. ოლიგარქი ახლა დაჯავშნილ მინებს იმარაგებს და მისი ეზოს გარშემო ახალ ჯებირებს და თხრილებს ავლებს.

თუმცა, ამის მიუხედავად, საპროტესტო აქციის მონაწილეები არ აპირებენ უკან დახევას. ტყვიაგაუმტარი მინების შეკვეთილის სასახლესთან მიტანას ივანიშვილის შიშს უკავშირებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით მჟავანაძე. ის ამბობს, რომ ივანიშვილი დამფრთხალია აქციების გამო, თუმცა, აღნიშნავს, რომ მას იარაღით არავინ ემუქრება.

„ეზიდებიან ბრონირებულ შუშებს და თავდაცვით საშუალებებს და ამ ყველაფერს განათავსებს, როგორც საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე, ასევე, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე. ბიძინა ივანიშვილი შეშინებულია, ის დამფრთხალია და ფიქრობს, რომ შუშის კედლები უშველის, მას არავინ არ ებრძვის იარაღით, მას კანონის წინაშე მოუწევს პასუხისგება,“ - განაცხადა მჟავანაძემ.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ბესიკ ქათამაძე ამბობს, რომ ბარიკადების მოწყობის მიუხედავად, ივანიშვილი ხალხის ხმას მაინც გაიგონებს.

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე

დღის ამბები