19 აპრილი 2024,   13:32
ვრცლად
საქართველოს მოქალაქე არ გაჩერდება, სანამ მისი კანონიერი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება - გრიგოლ ვაშაძე შეკვეთილში ჩავიდა

გრიგოლ ვაშაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერები, შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან კარვებში მყოფ აქციის მონაწილეებს შეხვდნენ. ისინი ერთ თვეზე მეტია, 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ და შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

რეზიდენციას იცავდნენ სამხარეო პოლიციის უფროსი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, აგრეთვე სუს-ის წარმომადგენლები.

მანიფესტანტების თქმით, საქართველოს მოქალაქეები უსამართლობას არ შეეგუებიან და ივანიშვილს მოუწევს ხელისუფლების დატოვება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ელგუჯა ბაგრატიონი ამბობს, აქციები, თითქმის, 40 დღეა მიმდინარეობს, დაკავებების, დაკითხვებზე დაბარებების და სხვადასხვა ბარიკადის აღმართვის მიუხედავად.

„დღეს საერთოდ ახალი ნონსენსია, რომ პლაჟი თურმე ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა და აქ გაჩერების უფლებაც არ გვქონია, თუმცა, რამდენიც არ უნდა ეცადოს ივანიშვილმა თავისი გახარიათი და პოლიციის იმ თანამშრომლებით, რომლითაც იცავს საკუთრებას, მაინც გავაგრძელებთ ამ აქციებს,“ - ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი.

საქართველოს მთავრობას და ბიძინა ივანიშვილს 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების გამო კიდევ ერთხელ აკრიტიკებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, გაერთიანებული ოპოზიციის ”ძალა ერთობაშია” ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე.

„ხელისუფლებამ მარტივი რაღაც ვერ შეიგნო, რომ დაუპირისპირდა ოპოზიციურ პარტიას ან პარტიებს კი არა, დაუპირისპირდა იმ ადამიანებს კი არა, ვინც ოპოზიციურად იყვნენ განწყობილები 20 ივნისამდე, 20 ივნისს დაუპირისპირდა საქართველოს მოქალაქეს, არ გაჩერდება საქართველოს მოქალაქე იქამდე, სანამ მისი კანონიერი, კონსტიტუციური მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და დროა, ეს შეიგნონ,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები