24 აპრილი 2024,   00:04
ვრცლად
უბედური შემთხვევა თუშეთის გზაზე - მაშველები 17 წლის ბიჭს ამ დრომდე ეძებენ 

ავტოკატასტროფა თუშეთის გზაზე - ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია  დილიდან ისევ განახლდა. მაშველები ახმეტის რაიონის ქვემო ალანში მცხოვრებ 17 წლის მოზარდს ეძებენ, რომელიც ხევში გადაიჩეხა. ლევან შაბალაიძე მესამე  დღეა დაკარგულად მიიჩნევა.

კახეთის სამაშველო სამმართველოს უფროსის, გიორგი ჩარკვიანის განცხადებით, სამძებრო სამუშაოების გამო გადაკეტილია ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა. მისი თქმით, ხეობაში მძიმე ტექნიკა და დამატებითი სამაშველო ძალებია მობილიზებული.

„დღეს დილის 6 საათიდან კვლავ განახლდა საძიებო-სამაშველო ოპერაციები. ხეობაში დამატებით მობილიზებულია როგორც სახანძროს სამაშველო დანაყოფები, ასევე ხეობაში შეყვანილია მძიმე ტექნიკა იმისათვის, რომ მოხდეს მდინარე სტორის ხეობის სიღრმეში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილის ამოყვანა ნაპირზე. პოლიციის მიერ ორმხრივად არის ამ ეტაპზე ჩაკეტილი მთა-თუშეთისკენ მიმავალი გზა, რათა არ მოხდეს საქართველოს მოქალაქეებისა და უცხოელი ტურისტების შეფერხება გზის იმ მონაკვეთზე, სადაც როგორც აღვნიშნე, დამატებით შეყვანილია ეს მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს ხეობაში გადავარდნილი სატვირთო ავტომობილის ამოყვანა,“- განაცხადა ჩარკვიანმა.

ავტოსაგზაო შემთხვევა თუშეთის გზაზე რამდენიმე დღის წინ  მოხდა. "კამაზის" ტიპის მანქანა რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანაზე ათზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, დაშავდა 5, ხოლო გარდაცვლილია 6, მათ შორის, სამი ერთი ოჯახის წევრები, მამა და შვილები არიან.  

ავტორი: ია გულიაშვილი

დღის ამბები