საჯარო მოხელეების მიერ ბიუროკრატიული ხარჯების კოლოსალურ ზრდასთან დაკავშირებით შსს-მ განმარტებები გააკეთა. უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც არგუმენტად მრავალრიცხოვანი თანამშრომლები და მათზე ზრუნვა დაასახელა.
სამინისტროს ინფორმაციით, უწყების პრიორიტეტი სისტემაში მომუშავე რიგით პოლიციელებზე, მეხანძრეებზე და მაშველებზე ზრუნვაა. სწორედ ამ მიზნით 2018-19 წლებში 17 000-მდე რიგით პოლიციელს, მათ შორის მესაზღვრეებს ხელფასი გაეზარდათ.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ 2019 წლის იანვრიდან სამინისტროს შეუერთდა საქვეუწყებო დაწესებულება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, შესაბამისად, მიმდინარე წელს მეხანძრე მაშველების შრომის ანაზღაურებაც სამინისტროს ბიუჯეტშიც აისახა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო დასაქმებული ადამიანების მხრივ არის ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი სახელმწიფო უწყება, რომელშიც ათეულობით ათასი ჩვენი მოქალაქე მუშაობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი არის და კვლავაც იქნება სისტემაში მომუშავე რიგით პოლიციელებზე, მეხანძრე-მაშველებსა და მესაზღვრეებზე ზრუნვა, მათი სამუშაო პირობების, სოციალური დაცვის უზრუნველყოფისა და შესაძლებლობების ფარგლებში ანაზღაურების მომატების კუთხით. სწორედ ამ მიზნით: 2018 -2019 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს 17 ათასამდე რიგით პოლიციელს, მათ შორის მესაზღვრეებს ხელფასი გაეზარდა. სისტემური განახლების ფარგლებში დაინერგა მართლწესრიგის ოფიცრების ინსტიტუტი, რომლის შრომის ანაზღაურების ხარჯები წინა წლების შესაბამის პერიოდებში გათვალისწინებული არ ყოფილა. ამასთან, 2019 წლის 1 იანვრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შემოუერთდა საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. შესაბამისად მიმდინარე წელს მეხანძრე-მაშველების შრომის ანაზღაურება აისახა სამინისტროს ბიუჯეტშიც,”- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მთავრობამ რეკორდი მოხსნა. ხალხს საჯარო მოხელეების შენახვა წელს ყველაზე ძვირი დაუჯდა. მონაცემებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს. 2019 წლის იანვრიდან ივნისამდე თანამდებობის პირების მხოლოდ ხელფასებში 507 მილიონი ლარი დაიხარჯა. რაც შეეხება ანაზღაურებას პრემიებისა და დანამატების ჩათვლით. აქ რიცხვები უფრო შთამბეჭდავია. წელს მარტო ექვს თვეში ხალხმა საჯარო მოხელეების პრემიებში, ხელფასებსა და დანამატებში 735 მილიონი ლარი გადაიხადა.