19 აპრილი 2024,   08:49
ვრცლად
საბანკო ანგარიშებიდან მოულოდნელად გამქრალი თანხა - ჰაკერებმა არაერთი მომხმარებელი გაძარცვეს

საბანკო ანგარიშებიდან მოულოდნელად გამქრალი თანხა და ჰაკერების მიერ გაძარცული მომხმარებლები - გახშირებული კიბერშეტევების გამო ქართული ბანკების კლიენტების ანგარიშებიდან ფული სულ უფრო ხშირად ქრება. თაღლითების ჯგუფები საბანკო ბარათებზე წვდომას სხვადასხვა მეთოდით ახერხებს და იპარავს თანხას, რომელსაც მოქალაქეები ხშირად წლობით აგროვებდნენ.

ერთ-ერთ მოქალაქე, სოსო სეფაშვილი ამბობს, რომ ეძინა, როდესაც საკუთარი ანგარიშიდან მნიშვნელოვანი თანხა დაკარგა. ძიება საქმეზე თვეებია, მიმდინარეობს, თუმცა არც დამნაშავის ვინაობა დადგენილა და ვერც საკუთარი ფული დაიბრუნა.

თაღლითობის მსხვერპლი ხდება ყველა, იმის მიუხედავად, საბანკო ანგარიშზე ფული ცოტა ჰქონდა თუ ბევრი. დაზარალებულებმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით თავად მიმართეს პოლიციას, საჩივარი დაწერეს ბანკებშიც, თუმცა ფული არავინ დაუბრუნა.

კიბერდანაშაული მხოლოდ საქართველოში არ ხდება, თუმცა ბანკების ასოციაციაში ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში ჩვენი ქვეყანა ჰაკერების განსაკუთრებული სამიზნე გახდა, ხშირ შემთხვევაში თავდასხმა უცხო ქვეყნებიდან ხდება.

რამდენი ბანკის რამდენი კლიენტი დაზარალდა, არ ამბობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა ადასტურებენ, რომ ყველა საქმე გახსნილი არ აქვთ. უწყებაში განმარტავენ, რომ ასეთი დანაშაული გასახსნელად რთულია.

იმისთვის, რომ ჰაკერებს მაქსიმალურად გაურთულდეთ საკუთარი კიბერდანაშაულებრივი ქმედებები, საფინანსო ორგანიზაციები შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვენ. ჯგუფმა უნდა წარმოადგინოს ახალ გამოწვევასთან ბრძოლის ეფექტური მექანიზმები.

დღის ამბები