23 აპრილი 2024,   18:02
ვრცლად
პოლიტიკური დღის წესრიგი თუ უბრალოდ ბიზნეს სტრატეგია - ქიბარ ხალვაშის სვლას კრიტიკული შეფასებები მოჰყვა

განწირულია ივანიშვილის სურვილი, კანონიერების ელფერი შესძინოს „რუსთავი 2-ის“ ჯიბეში ჩადებას - ასე ეხმაურებიან არხის ხელახლა გადაყიდვის გადაწყვეტილებას სამაუწყებლო კომპანიის დამფუძნებლები. დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, დღის ბოლოს გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში წერენ, რომ აუქციონი უბრალოდ ფორმალობაა და ახალი მფლობელის ვინაობა ხელისუფლებას უკვე გადაწყვეტილი აქვს.

სხვაგვარად, მათთვის გაუგებარია, რატომ თმობს ხალვაში კომპანიას, რომლის დასაბრუნებლადაც წლების განმავლობაში იბრძოდა და ისიც კარგად იცოდა, რა ვალების გადაბარება მოუწევდა.

„რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლები აფრთხილებენ ყველას, რომ ტელევიზიის კეთილსინდისიერ მყიდველებად ვერ ჩაითვლებიან, რადგან დვალი და აქიმიძე უკვე წლებია არხის დასაბრუნებლად პროკურატურაში ჩივიან.

ტელევიზიის კიდევ ერთი დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის მეუღლემ კი დღეს ქიბარ ხალვაშის წინააღდეგ სარჩელი სასამრთლოში შეიტანა და 30%-იანი წილის დაბრუნება მოითხოვა. ია კიწმარიშვილს ხელში აქვს დოკუმენტი, რომელთაც დგინდება, რომ ქიბარ ხალვაშს ეროსი კიწმარიშვილისთვის ფული არ გადაუხდია.

მედია ექსპერტების ნაწილი ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლობად და „რუსთავი 2-ის" განადგურების ახალ ეტაპად აფასებენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ პროცესები ხელისუფლების სცენარით ვითარდება და საბოლოო მიზანი ქვეყანაში მთავარი კრიტიკული მედიასაშუალების გაქრობაა.

მედია სფეროს წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ სწორედ არხის ხელახალი გადაყიდვით შეიფუთება „რუსთავი 2-ში“ დაგეგმილი რადიკალური სარედაქციო ცვლილებები.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პრაქტიკულად არ ეგულებათ ქვეყანაში ბიზნესმენი, რომელიც მრავალმილიონიანი ვალის მქონე კომპანიას ბიზნეს ინტერესისთვის იყიდის.

პოლიტიკური დღის წესრიგი თუ უბრალოდ ბიზნეს სტრატეგია - სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ამ მთავარ კითხვას პასუხს უახლესი ერთი კვირა გასცემს. სწორედ ამ კვირაში აქვს დაგეგმილი არხის მოქმედ მფლობელს სამი კვირის წინ დაბრუნებული კომპანიის გაყიდვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები