19 აპრილი 2024,   20:36
ვრცლად
დანგრეული უნიკალური კოშკი უშგულში - ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს და ხელისუფლებას ულტიმატუმით მიმართეს   

უშგულში, ჩარქსელიანების საგვარეულო კოშკი ნგრევის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურებულია. კოშკის რეაბილიტაციას მოსახლეობა უკვე რამდენიმე წელია ითხოვს, თუმცა, უშედეგოდ. ხელისუფლების უყურადღებობის გამო, კოშკი 2 დღის წინ დაინგრა.

უშგული-მესტიის დამაკავშირებელი გზა დღეს რამდენიმე საათით გადაკეტილი იყო. უშგულში მოსახლეობის პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩარქსელიანების მრავალსაუკუნოვანი უნიკალური კოშკი განადგურდა.

მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლების დაპირებების აღარ სჯერა და უშგულში პრემიერ-მინისტრისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების ჩასვლას ითხოვენ.

დღეს აქციაზე მისულ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს უშგულელები არ დაელაპარაკნენ. ხელისუფლებას ძეგლების გადარჩენის გეგმის წარსადგენად 1 კვირიანი დრო მისცეს. კვირის ბოლომდე, მთავრობის უმაღლესი პირები სვანეთში უნდა ჩავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.

უშგული-მესტიის დამაკავშირებელი გზა დღის ბოლოს გაიხსნა, მას შემდეგ რაც მოსახლეობას დაჰპირდნენ, რომ ცენტრალური ხელისუფლებიდან წარმომადგენლები სოფელში კვირის ბოლომდე ჩავლენ.

უშგულში მიმდინარე აქციას არ ეთანხმება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო. ოფიციალური განცხადებაში, რომელიც დღეს უწყებამ გაავრცელა, წერია, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტი არქიტექტურული ნაგებობების მოვლა-პატრონობაა და მოსახლეობის პროტესტი უსაფუძვლოა.

ავტორი: ემა გოგოხია. 

 

 

 

დღის ამბები