20 აპრილი 2024,   09:20
ვრცლად
ყალბი დღგ ნავთობპროდუქტების განბაჟებისთვის - დაკავებულია 38 პირი 

ბოლო 3 თვის განმავლობაში 9 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაიწყო დევნა 53 პირის მიმართ, მათგან 38 პატიმრობაშია. მიზეზი კი ყალბი დღგებია, რომელსაც იმპორტირებული საქონლის ძირითადად კი ნავთობპროდუქტების განბაჟებისთვის იყენებდნენ. ფინანსურ პოლიციაში გამართული ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ ქვეყანას 100 მლნ ლარამდე ზარალი აარიდეს.

"ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში, 9 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ასეულობით საგამოძიებო მოქმედების, მათ შორის მოწმეთა გამოკითხვით, ამოღებით, ჩხრეკით, ფარული საგამოძიებო მოქმედებით და სხვა ღონისძიებების შედეგად, მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 53 პირის მიმართ, მათ შორის დღეის მდგომარეობით პატიმრობაში იმყოფება 38 პირი. პასუხისგებაში მიცემულ პირთა უმრავლესობა სხვადასხვა კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელია, ხოლო ნაწილი - კომპანიების ფაქტობრივი მმართველი.

გამოძიებით დადგენილია, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღებისა და არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულებს საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში,  რეგისტრირებული ჰქონდათ კომპანიები, რომელთა სახელითაც ახორციელებდნენ უსაქონლო ოპერაციებს, რა დროსაც ისინი აყალბებდნენ დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურებს. ასევე, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, იქმნიდნენ ყალბ აქტივს დამატებული ღირებულების გადასახადში.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად, გამოყენებული აქტივის ოდენობა ათეულობით მილიონი ლარია,"-განაცხადეს უწყებაში. 

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3, 210-ე მუხლის მე-2, 218-ე მუხლის მე-2 და 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

დღის ამბები