08 დეკემბერი 2019,   15:19
ვრცლად
ვიმედოვნებთ, რომ ამ შემთხვევაში მაინც დადგინდება დამნაშავე - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, "ტვ პირველზე" განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე საუბრობს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია  მოუწოდებს სამართალდამცავებს დროულად გამოიძიონ "ტვ პირველზე" განხორციელებული კიბერთავდასხმა. ქარტია იმედს გამოთქვამს, რომ ამ შემთხვევაში მაინც იქნება დასრულებული გამოძიება და დადგინდება დამნაშავის ვინაობა.

განცხადებას, რომელსაც ორგანიზაცია საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს, უცვლელად გთავაზობთ:

„ტელეკომპანია პირველის" ცნობით, არხზე განხორციელდა კიბერშეტევა, რის შედეგადაც ვერ ხერხდება გადაცემების ეთერში გაშვება და სრულფასოვნად მუშაობა.

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს საგამოძიებო უწყებებს, დროულად გამოიძიონ მომხდარი შემთხვევა. ვიმედოვნებთ, ამ შემთხვევაში მაინც დასრულდება გამოძიება, დადგება დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხი და არ გაჭიანურდება ეს პროცესი ისე, როგორც, სხვა მედიასაშუალებების, მაგალითად, "გურიანიუსის" შემთხვევაში მოხდა.

"მივმართავთ შესაბამის უწყებებს, გამოიყენონ ყველა რესურსი, რათა "ტვ პირველმა" შეძლოს დანაკარგის გარეშე მაუწყებლობის გაგრძელება. აუცილებელია დროულად აღმოიფხვრას წარმოქმნილი პრობლემა და უზრუნველყოფილი იყოს არხის შეუფერხებელი ფუნქციონირება,”-ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

"ტვ პირველზე" კიბერ შეტევის განხორციელების შემდეგ, არხი სრულფასოვნად ფუნქციონირებას ვერ ახერხებს. ტელევიზიას დაკარგული აქვს წვდომა მთავარ სერვერზე, ვიდეოარქივზე და ყველა იმ ვიდეომასალაზე, რომელსაც არხი უკვე ხუთი წელია აგროვებს. ამ დროისთვის არხის მხოლოდ LIVE  ჩართვებს ახორციელებს.

გამოძიება დაწყებულია ორი მუხლით. სისხლის სამართლის კოდექსის 224-ე და 286-ე მუხლებით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფას გულისხმობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები