20 აპრილი 2024,   11:23
ვრცლად
ზაალ უდუმაშვილი "ტვ პირველსა" და "TBC ბანკზე" განხორციელებულ კიბერშეტევებს შორის, პარალელს ავლებს

„ეს საქმეც ზუსტად ისევე თაროზე შემოდებული იქნება, ვიდრე ეს ხელისუფლება იქნება,“ - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი „ტვ პირველზე“ განხორციელებული კიბერთავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ გამოძიების იმედი არ აქვს.

უდუმაშვილი "ტვ პირველზე" განხორციელებულ კიბერშეტევასა და "თიბისი ბანკზე" მომხდარ მსგავს თავდასხმასთან პარალელს ავლებს და ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძის მიერ სავარაუდო დანაშაულის მითითების მიუხედავად, საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია.

„მგონი ძალიან შორს წასვლა არ დაგვჭირდება, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ასეთი კიბერ ~თავდასხმა გავიხსენოთ, ეს არის "თიბისის" საქმე, სადაც წარმოიდგინეთ, ბანკს უსაფრთხოების დონე ყველაზე მაღალი ჰქონდა საკუთარი სერვერების, იქაც კი მოხდა კიბერშეტევა და მამუკა ხაზარაძემ პირდაპირ მიუთითა პარლამენტიდან 100 მეტრით დაშორებით მდებარე შენობაზე, სადაც ეს ჯგუფი იჯდა, რომელიც ამ კიბერ შეტევებს ახორციელებდა, მაგრამ რა ვნახეთ შედეგი - არაფერი. ეს საქმე გამოუძიებელია და არც არასოდეს იქნება გამოძიებული, ხელისუფლება თავის თავს ხომ არ გამოიძიებს ამ შემთხვევაში. კიდევ უფრო მძიმედ იქნება საქმე „ტვ პირველის“ შემთხვევაში, იმიტომ, რომ „ტვ პირველს,“ რა თქმა უნდა, ამხელა უსაფრთხოების დონე არ ექნებოდა სერვერის, შესაბამისად, ადვილად შეძლეს მისი გატეხვა და ეს საქმეც ზუსტად ისევე თაროზე შემოდებული იქნება, ვიდრე ეს ხელისუფლება იქნება,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

"ტვ პირველზე" კიბერშეტევის განხორციელების შემდეგ, არხი სრულფასოვნად ფუნქციონირებას ვერ ახერხებს. ტელევიზიას დაკარგული აქვს წვდომა მთავარ სერვერზე, ვიდეოარქივზე და ყველა იმ ვიდეომასალაზე, რომელსაც არხი უკვე ხუთი წელია აგროვებს. ამ დროისთვის არხის მხოლოდ LIVE ჩართვებს ახორციელებს.

გამოძიება დაწყებულია ორი მუხლით. სისხლის სამართლის კოდექსის 224-ე და 286-ე მუხლებით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფას გულისხმობს.

დღის ამბები