25 აპრილი 2024,   18:48
ვრცლად
ძაღლების ჩხუბის გამო დაწყებული დავა, სისხლიანი გარჩევით დასრულდა - 17 წლის მოზარდს მეზობელმა თავში ესროლა

ძაღლების ჩხუბის გამო დაწყებული დავა მეზობლებს შორის სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. 17 წლის ერეკლე ჩეკურიშვილს მეზობელმა 37 წლის მამაკაცმა თავში ესროლა.

ინციდენტი ძაღლების ჩხუბს მოყვა. ჩეკურიშვილი ლონდონის ბაღში საკუთარ ძაღლს ასეირნებდა, როდესაც მეზობლის ძაღლი მივარდა და ცხოველს კბენა დაუწყო, ბიჭმა ძაღლი რომ ვერ მოიშორა წიხლი ჩაარტყა, სწორედ ეს დაინახა პატრონმა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ჩხუბის დასრულების შემდეგ ჩეკურიშვილი ლონდონის ბაღში დაკარგული ჯვარის და ჯაჭვის მოსაძებნად მიბრუნდა, სახლში მომავალს კი ავტომანქანით ის პიროვნება დაეწია, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა. ერთი ტყვია ერეკლე ჩეკურიშვილის ძმას მოხვდა, მეორე კი თავის არეში თავად 17 წლის მოზარდს. დაზარალებული ახლა კომატოზურ მდგომარეობაშია. მოზარდი მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ.

დანაშაულში ეჭვმიტანილი მამაკაცი უკვე დაკავებულია.

სისხლიანი დაპირისპირება 4 დღის წინ მოხდა. დაზარალებულის ოჯახის ინფორმაციით 37 წლის მამაკაცი ერთხელ განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე ნასამართლევია, ის პირობითი მსჯავრით ამნისტიის დროს გაათავისუფლეს. ახლა ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

 

  

დღის ამბები