ხმაური იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - საბჭოს უმრავლესობასა და არამოსამართლე წევრებს შორის კამათი კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე მსჯელობას მოჰყვა. ნაზი ჯანეზაშვილმა საბჭოს მოსამართლე წევრებს კენჭისყრის ზუსტი თარიღის დასახელება მოსთხოვა, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია.
საბჭოს წევრები დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ერთ კანდიდატს, თეა ძიმისტარაშვილს უსმენდნენ. საბჭოს წევრებმა ძიმისტარაშვილს კითხვა დაუსვეს, მონაწილეობდა თუ არა ის გასაუბრების პროცესში მხოლოდ ფორმალურად, რაზეც კანდიდატმა უპასუხა, რომ სასამართლოს მიმართ უსაფუძვლო კრიტიკას ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
„ნამდვილად არ გამოვდივარ იმიტაციისთვის, მითუმეტეს ვიმყოფები დეკრეტულ შვებულებაში და მაქვს ძალიან დიდი ინტერესი და მოტივაცია იმისი, რომ მივიღო ამ კონკურსში მონაწილეობა. რამდენიმეჯერ მოვისმინეთ სატელევიზიო ეთერში, რომ ეს არის ფორმალური პროცესი. ეს ძალიან გულდასაწყვეტი ფაქტია, ამ კონკურსში მონაწილეობაზე გაცხადებულ სურვილს, რა თქმა უნდა, საზოგადოებაც აფასებს. უსაფუძვლო კრიტიკა სასამართლოს მიმართ უნდა იყოს არიდებული, კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე უნდა იყოს დაყრდნობილი, რასაც ხშირ შემთხვევაში ვერ ვხედავთ და ეს რეალურად აზიანებს სასამართლოს ინტერესებს,“- განაცხადა ძიმისტარაშვილმა.
ამ წუთებში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება საქალაქო სასამართლოს მედიატორთან, ალექსანდრე წულაძესთან იწყება.