17 სექტემბერი 2019,   03:11
ვრცლად
სასტიკი მკვლელობა ყანდაურაში - 85 წლის ომარ გამყრელიძისა და ომარ გამყრელიძე უმცროსის საქმეები გაერთიანდა

85 წლის ომარ გამყრელიძისა და ომარ გამყრელიძე უმცროსის საქმეები გაერთიანდა - ამის შესახებ, მოსამართლე მამუკა წიკლაურმა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

85 წლის ომარ გამყრელიძეს მკვლელობაში დახმარებას, ხოლო ომარ გამყრელიძე- უმცროსს, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა- შენახვას ედავებიან.

ომარ გამყრელიძის ბრალის დადგენილებაში წერია, რომ გამყრელიძის შვილს, ნოდარ გამყრელიძეს, გამოძიებით დაუდგენელი მოტივით, კონფლიქტი ჰქონდა თავის დედასთან, ელიზა გამყრელიძესთან, რის გამოც, შურისძიების მოტივით, გადაწყვიტა მისი განზრახ მკვლელობა. ომარ გამყრელიძემ, ელიზა გამყრელიძის განზრახ მკვლელობაში დახმარების მიზნით, ნოდარ გამყრელიძეს გადასცა "GECO mod.23" მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც ომარ გამყრელიძე თავის საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.

ამავე დადგენილების მიხედვით იკვეთება, რომ ომარ გამყრელიძეს, გამოძიება, მხოლოდ ერთი ადამიანის მკვლელობაში დახმარებას ედავება.

ერთი ადამიანის მკვლელობას ედავებიან ნოდარ გამყრელიძესაც. ადვოკატი აცხადებს, რომ გამოძიება ჩიხში შევიდა და 4 ადამიანის მკვლელის ვინაობა გამოძიებას ამ დრომდე არ დაუდგენია.

ომარ გამყრელიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ უდანაშაულოა და მკვლელობაში დახმარება არავისთვის გაუწევია.

შეგახსენებთ, მკვლელობა ყანდაურაში 2 მაისს მოხდა. მოკლეს ოთხი და დაჭრეს ერთი, რომელიც საავადმყოფოში, თვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ, გარდაიცვალა. სასამართლო პროცესი ხვალ, გაერთიანებული სახით 13: 00საათზე თელავის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.

ამავე თემაზე
დღის ამბები