25 აპრილი 2024,   11:52
ვრცლად
ამერიკული „კონტი ჯგუფი“ ანაკლიის პროექტს ტოვებს - ვინ ჩაანაცვლებს ამერიკულ კომპანიას უცნობია

ამერიკული „კონტი ჯგუფი“ ანაკლიის პროექტს ტოვებს. აქციების 42 პროცენტის მფლობელმა კომპანიამ ჯერ სამეთვალყურეო საბჭოდან, ახლა კი კონსორციუმიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ანაკლიის კონსორციუმი ამ დრომდე არ ამბობს, რატომ დატოვა ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ამერიკულმა „კონტი ჯგუფმა“.

სააგენტო „აქცენტმა“ დღეს დაწერა, რომ კონტი ჯგუფი ღრმაწყლოვანი ქართული პორტის მშენებლობის პროექტს საქართველოს მთავრობის გამო გამოეთიშა. ამერიკულმა კომპანიამ ფონდის დამფუძნებლებზე ხელისუფლების იერიშის ფონზე ვეღარ დაინახა მთავრობის მხარდაჭერა, რომ მათ პირველი ქართული ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ნამდვილად უნდათ.

ვინ ჩაანაცვლებს „კონტი ჯგუფს“ ჯერ უცნობია. ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამბობენ, რომ ჯერ რისკები შესაფასებელი აქვთ და ამის შემდეგ იტყვიან, რას ფიქრობენ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე, რომელსაც ამერიკელი აქციონერი გამოეთიშა. ანაკლიის პროექტიდან „კონტი ჯგუფის“ გასვლა ცუდი ნიშანია საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელისთვის. ფადი ასლის აზრით, ივანიშვილი რუსეთის დაკვეთას ასრულებს და ყველაფერს აკეთებს ანაკლიის პორტის პროექტის შესაჩერებლად.

ოპოზიციაში ასევე ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ანაკლიის პროექტის ჩასაშლელად.

ანაკლიის კონსორციუმსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება, დროში გაწერილი საინფორმაციო ომი კი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან პროექტს აზარალებს.

თუ ინფრასტრუქტურის მინისტრის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუთი ვიმსჯელებთ, არა არის გამორიცხული ხაზარაძე-ჯაფარიძის ბიზნეს ჯგუფს ანაკლიის აშენების უფლება საერთოდ ჩამოართვან და პორტის მშენებლობა მთავრობამ გააგრძელოს.

დღის ამბები