16 აპრილი 2024,   22:23
ვრცლად
„სანამ ხელისუფლება დაკავებულია რუსეთის მხარდამჭერი ფილმების გადაღებით, რუსეთი მორიგ სოფელს გვიღობავს" - დავით ბაქრაძე გუგუტიანთკარში ჩავიდა 

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გუგუტიანთკარში იმყოფებოდა. დავით ბაქრაძე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. 

ბაქრაძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა და მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დღეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სოფელში აღარ გამოჩენილან. 

ბაქრაძის თქმით, "ევროპული საქართველო" იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტსა და საერთაშორისო კონტაქტს იმისთვის, რომ პარტნიორ ქვეყნებს, საერთაშორისო საზოგადოებას, რუსული საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია ჰქონდეთ. 

Image may contain: 4 people, people standing, sky, tree, outdoor and nature„სანამ ქვეყნის ხელისუფლება დაკავებულია ქვეყნის შიგნით დამნაშავეების ძებნით და რუსეთის მხარდამჭერი ფილმების გადაღებით, ვხედავთ, რომ რუსეთი მორიგ სოფელს გვიღობავს და მიაქვს ქართული მიწა. ამიტომ სრულიად აუცილებელია, შეწყდეს დამაზიანებელი შიდა დისკუსია და მთელი ჩვენი რესურსი მოვახმაროთ ოკუპაციის შეჩერებას. დღეს გუგუტიანთკარში უნდა იდგეს ყველა, უნდა იდგეს ხელისუფლებაც, ოპოზიციაც, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის უზენაესი ინტერესია დავდგეთ ერთად იმისთვის, რომ გავაჩეროთ ოკუპაცია.

"ჩვენი ამოცანაა შევქმნათ ისეთი დიპლომატიური კლიმატი და ზეწოლა რუსეთზე, რომელიც ამ სამუშაოების განახლებას შეაფერხებს, გაურთულებს, როგორც პირველი ეტაპის ამოცანას და  როგორც შემდეგი ეტაპის მთავარი ამოცანას, საერთოდ ააღებინებს ხელს ბორდერიზაციაზე და თანდათანობით ოკუპაციაზეც. ჩვენი მთავარი იარაღი გახლვათ საერთაშორისო და დიპლომატიური ზეწოლა და ამისთვის უნდა გაკეთდეს ყველაფერი,“-ამბობს ბაქრაძე.  

გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები მეორე დღეა აღარ გამოჩენილან, თუმცა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ადგილზე მავთულხლართები უკვე გაავლეს. ოკუპანტებმა  მოსახლეობას სახლების დასაშლელად 3 დღიანი ვადა მისცეს, რომელიც დღეს იწურება.

სახლების დემონტაჟი თითქმის დასრულებულია. ამ დროისთვის არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი ადგილზე არ იმყოფება. ჯერ უცნობია აღმოჩნდება თუ არა ოკუპანტების მიერ შემოღობილ ტერიტორიაზე წყლის რეზერვუარი, რომლითაც სოფელი მარაგდება.

დღის ამბები