ამერიკული კომპანია "კონტი ჯგუფის" მიერ, ანაკლიის კონსორციუმის დატოვებასთან დაკავშირებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვითარების იმდაგვარად წარმოჩენა, თითქოს "კონტი ჯგუფის" გასვლის შემდეგ, ანაკლიის პორტს წარმატებით ააშენებს კონსორციუმის ქართული მხარე, არ შეესაბამება რეალობას.
უწყებაში ამბობენ, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ შემავალი კომპანიებიდან, რომელიც აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობებს იყო სწორედ ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფი“. შესაბამისად, შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ტენდერში გამარჯვება განაპირობა კონსორციუმში „კონტი ჯგუფის“ მონაწილეობამ.
"საზოგადოების ყურადღება არაერთხელ გამახვილდა იმაზე, რომ სამწუხაროდ, ტენდერში გამარჯვების შემდეგ „კონტი ჯგუფი“ არ ყოფილა ჩართული პროექტის განხორციელებაში. კონსორციუმში 42 პროცენტიანი წილის ფლობის მიუხედავად, "კონტი ჯგუფს" არ მიუღია მონაწილეობა არც პროექტის დაფინანსებაში, არც კონსორციუმის 120 მილიონ დოლარიანი საკუთარი კაპიტალის შევსებაში, არც დაფინანსების მოძიების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში.
"ყოველივე ეს სერიოზულ ეჭვებს იწვევდა „კონტი ჯგუფის“ პროექტში რეალურად არსებობის შესახებ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2018 წლის 6 დეკემბერს "კონტი ჯგუფის" პრეზიდენტმა კურტ კონტიმ კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭო ოფიციალურად დატოვა. საყურადღებოა ისიც, რომ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" განცხადება "კონტი ჯგუფის" პროექტიდან გასვლის თაობაზე გაკეთდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამინისტრომ ოფიციალური მიმართვით მოუწოდა კონსორციუმის ყველა დამფუძნებელს, მათ შორის "კონტი ჯგუფს", პროექტის დაფინანსების კუთხით არსებული გამოწვევების გადასაჭრელად, მეტი მხარდაჭერისა და ჩართულობისაკენ. ვითარების იმდაგვარად წარმოჩენა, თითქოს "კონტი ჯგუფის" გასვლის შემდეგ, ანაკლიის პორტს წარმატებით ააშენებს კონსორციუმის ქართული მხარე, არ შეესაბამება რეალობას.
"ანაკლიის პროექტის განხორციელება შეუძლებელია მსგავს პროექტებში გამოცდილი და ფინანსურად ძლიერი სტრატეგიული ინვესტორის გარეშე, რაც ნათლად ჩანს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მაგალითზე,"-ნათქვამია განცხადებაში.
ინფრასტრუქტურის სამინისტრო მიმართავს "ანაკლიის კონსორციუმს" და მოუწოდებს, უმოკლეს ვადებში წარუდგინოს მთავრობას დროში გაწერილი გეგმა კონსორციუმის 42%-იანი წილის მქონე ამერიკული კომპანია "კონტი ჯგუფის" ტენდერის მოთხოვნებთან შესაბამისი გამოცდილების და ფინანსური მდგომარეობის მქონე დასავლური სტრატეგიული ინვესტორით იგივე მოცულობით ჩანაცვლების თაობაზე.