21 სექტემბერი 2019,   20:16
ვრცლად
როგორც კი ხმას ამოიღებენ, პუტინი ამაზე მათ აუწევს ყურს - გუგუტიანთკარში „20 ივნისის მოძრაობა - პოლიტპატიმრების“ წევრები ჩავიდნენ

გუგუტიანთკარში ვითარების გასაცნობად და ადგილობრივების მხარდასაჭერად ახლადშექმნილი „ 20 ივნისის მოძრაობა - პოლიტპატიმრების“ წევრები ჩავიდნენ. მოძრაობის წარმომადგენლები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და რეაგირებისკენ მოუწოდებენ. ისინი ფიქრობენ, რომ რუსეთის მხრიდან ოკუპაციის შეჩერება „ქართული ოცნების“ გეგმაში არ შედის და მთავრობის ინერტული პოზიციაც მიზანმიმართულია.

„ის, რომ ხელისუფლება არ  ჩადის, გასაგებია რატომაც არ ჩადის. ეს ხელისუფლება უკვე ფაქტობრივად გახდა გაცხადებული რუსეთის მარიონეტი რეჟიმი საქართველოში. ბიძინა ივანიშვილი არ აძლევს უფლებას ჩვენს მინისტრებს იქ ჩავიდნენ, იმიტომ, რომ არ გაღიზიანდეს პუტინი. ამ ვითარებაში უბრალოდ პოლიტიკოსებს, რიგით მოქალაქეებს, საზოგადოებაში აქტიურ ადამიანებს ვალდებულება გვაქვს ელემენტარული, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ იმ ადამიანებს, რომლებიც იქ ცხოვრობენ პირველ რიგში და არიან გაუსაძლის პირობებში, არიან შეშინებულები, აქვთ უმძიმესი სოციალური  პირობები, დავუდგეთ გვერდში და მეორე, საქართველოს დავანახოთ, რომ საქართველოში ორას წლოვანი ომი რუსეთთან დღესაც გრძელდება,“- განაცხადა „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ.

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებლის, გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით, ხელისუფლების უმოქმედობით ქვეყანა შესაძლოა მთლიანად რუსეთის დაქვემდებარებაში აღმოჩნდეს.

„ გახარიამ, რომელიც არის ჯალათი, დათხარა მოსახლეობას თვალი, პირნათლად შეასრულა რუსეთის დავალება და პუტინის თხოვნით და მოთხოვნით, მას ბიძინა ივანიშვილი ძალიან მალე დანიშნავს პრემიერ-მინისტრად. აი, ეს არის ჩვენი ხელისუფლება, რომელსაც არ აინტერესებს არაფერი და მივდივართ იქ, უნდა გავაპროტესტოთ ეს ყველაფერი, ვნახოთ რა ხდება. ადამიანები საკუთარ სახლებს საკუთარი ხელით ანგრევენ, ხალხო, ასეთი რამე მსოფლიოში არ მომხდარა ჯერ მე მგონი და იციან, რომ როგორც კი ხმას ამოიღებენ, პუტინი ამაზე მათ აუწევს ყურს. ასე რომ, ნელ-ნელა რუსეთი ასე, ათ-ათი მეტრობით, ოც-ოცი მეტრობით, 350 მეტრში არიან დაახლოებით, მოვლენ ცენტრალურ მაგისტრალზე, გადაგვკეტავენ და რასაც მოისურვებენ, იმას გააკეთებენ. ჩვენი ხელისუფლება იტყვის, რომ როგორ შეიძლება ასეთი რამის კეთება, აღშფოთდებიან, წავლენ, მერე სადღაც დაისვენებენ, გაირუჯებიან და დაამთავრებენ ამითი,“- განაცხადა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელმა, გურამ ჩალაგაშვილმა.

დღის ამბები