25 აპრილი 2024,   18:27
ვრცლად
ანაკლიის პორტის პროექტი შესაძლოა ჩაიშალოს - ანალიტიკოსები ხელისუფლებას რუსული ინტერესების გატარების გამო აკრიტიკებენ

ჩაიშალა თუ არა ანაკლიის პორტის პროექტი საბოლოოდ - კონსორციუმიდან ამერიკული „კონტი ჯგუფის“ გასვლის შემდეგ ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მხოლოდ ქართველი ინვესტორები ვერ მოახერხებენ საჭირო კაპიტალის მოზიდვას.

სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები თუ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები მიმართული არის იმისკენ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არ განხორციელდეს. ასევე, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მთავრობის წევრების მიერ ბოლო დროს გაკეთებულმა განცხადებებმა შესაძლოა, პოტენციური ინვესტორებიც დააფრთხოს.

ფინანსისტი, გიგა ბედინეიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები მოღალატეობრივია.

„მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს შეიძლება იყოს ვიღაც არალეგიტიმური ინვესტორი, რომელიც მზადაც კი ჰყავდეს ივანიშვილს ან ხელისუფლებას იმისთვის, რომ ჩაანაცვლოს კონტი ჯგუფი იქნება თუ რომელიმე სხვა წევრი კონსორციუმის, მაგრამ ლეგიტიმური, მაღალი რეპუტაციის ინვესტორი, მთავრობის ასეთი განცხადებების ფონზე, ასეთი დამოკიდებულებების ფონზე ამ პროექტის მიმართ, ამ პროექტში არ შემოვა,“ - განაცხადა ბედინეიშვილმა.

საგამომცემლო სახლის "Forbes Georgia-ს" მთავარი რედაქტორი, გიორგი ისაკაძე გაუმართლებლად მიიჩნევს მთავრობის მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმზე მიტანილ იერიშს.

„კეთილი ინებოს სახელმწიფომ ამ შემთხვევაში და ახსნას, რატომ ვერ შედგა სანიმუშო პარტნიორობა ანაკლიის კონსორციუმსა და მათ შორის, რატომ გახდა ანაკლიის კონსორციუმი ბოლო ორი წლის განმავლობაში მათთვის მიუღებელი, რატომ იყო მანამდე ის მისაღები და საუკეთესოდ მოიხსენიებდა ყველა დონე და თუ რაიმე არასწორი იყო, თუ "კონტი ჯგუფი" არავალიდური ინვესტორი იყო ანაკლიის კონსორციუმში, სად იყო სახელმწიფო ამ ხნის განმავლობაში,“ - ამბობს ისაკაძე.

პროექტის შეფერხება რომ მთავრობის ინტერესში შედის, ამაზე საუბრობს ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა ”ჰაბ ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე. მისივე თქმით, რუსეთის ინტერესშია, რომ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდეს, რადგან ჩრდილოელ მეზობელს თვირთნაკადების გატარებაზე მონოპოლიის დამყარება სურს.

„უბრალოდ მიზანმიმართულად საქართველოს მთავრობა ატარებს უკვე ბოლო ერთი წელია პოლიტიკას, რომ ეს პროექტი შეფერხდეს... ეს არის პირდაპირი პოლიტიკური გადაწყვეტილება და სამწუხაროდ, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება დღეს არის ნაკარნახევი ჩვენი არაკეთილის მსურველი მეზობლისგან... მილიარდობით ინვესტიციას თავად სახელმწიფო რუსეთი სდებს იმაში, რომ რეალურად იყოს გამტარი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის იმ თვირთნაკადების, რომელიც პოტენციურად ანაკლიის პორტში უნდა აკუმულირდეს და ვხედავთ საქართველოს მთავრობას, რომელიც მიზანმიმართულად ატარებს პოლიტიკას, რითაც ამ პროექტის განხორციელება ფერხდება და უკვე შეჩერებულია“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, ბათუ ქუთელია ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ პორტის პროექტის არ განხორციელება გამოიხატა იმაშიც, რომ მასზე ნაკისრი ინფრასტრუქტურული ვალდებულებები მთავრობას დღემდე არ შეუსრულებია.

„ეს ერთობლიობაში ქმნის სურათს, რომ რაღაც უფრო დიდი გეგმის ნაწილი არის პორტის არაშენება და პარალელურად, თუ შევხედავთ, რა ხდება სხვა მიმართულებით, მაგალითად, აზერბაიჯანთან ჩვენი ურთიერთობის გაუარესება, ჩვენ შეიძლება გვქონდეს 10 პორტი, მაგრამ თუ აზერბაიჯანთან ურთიერთობები გაგვიუარესდა, ფიზიკურად, ქვეყნის ლოჯისტიკური სატრანზიტო ფუნქცია ვერ შედგება. აქედან გამომდინარე, ერთადერთი ქვეყანა, ვინც ამით იხეირებს, ეს არის რუსეთის ფედერაცია, ამიტომ, პირდაპირი თუ ირიბი გავლენით, რეალურად საქართველოს ხელისუფლება ემსახურება რუსეთის ინტერესებს იმისთვის, რომ სტრატეგიული მნიშვნელობა არ შეიძინოს საქართველომ ევრაზიულ სატრანსპორტო დერეფანში, რომელიც იქნება რუსეთის გან დამოუკიდებელი დერეფანი, რომელზეც რუსეთს არ ექნება გავლენა,“ - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

დღის ამბები